საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თავის სადებიუტო, ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე იაპონიის უკიდურეს სამხრეთით მდებარე კუნძულ ოკინავაზე სლოვენიასთან, ვენესუელასა და კაპო ვერდესთან ითამაშებს. ჩვენები მუნდიალის სასტარტო მატჩს 26 აგვისტოს კაპო ვერდესთან ჩაატარებს, 28-ში სლოვენიას დაუპირისპირდება, 30 აგვისტოს კი ვენესუელას შეხვდება.
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩატარებული წილისყრის შედეგად მსოფლიო ჩემპიონატის 32 მონაწილე 8 ჯგუფში გადანაწილდა:
A ჯგუფი: ანგოლა, დომინიკის რესპუბლიკა, ფილიპინები, იტალია
B ჯგუფი: სამხრეთ სუდანი, სერბეთი, ჩინეთი, პუერტო რიკო
C ჯგუფი: აშშ, იორდანია, საბერძნეთი, ახალი ზელანდია
D ჯგუფი: ეგვიპტე, მექსიკა, მონტენეგრო, ლიეტუვა
E ჯგუფი: გერმანია, ფინეთი, ავსტრალია, იაპონია
F ჯგუფი: სლოვენია, კაბო ვერდე, საქართველო, ვენესუელა
G ჯგუფი: ირანი, ესპანეთი, კოტ დ’ივუარი, ბრაზილია
H ჯგუფი: კანადა, ლატვია, ლიბანი, საფრანგეთი
მსოფლიოს ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია არიან. მეოთხედფინალიდან მოყოლებული ყველა მატჩი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩატარდება.
ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გავა, სადაც ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდება, იქიდან გასული ორ-ორი საუკეთესო კი თასისთვის ბრძოლას უკვე პლეი-ოფში გააგრძელებს. ტურნირზე მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე ადგილებიც გათამაშდება, ამდენად, საქართველოს ნაკრები თამაშს იმ შემთხვევაშიც გააგრძელებს, თუკი პირველი ჯგუფური ეტაპი ვერ დასძლია.
თუ საქართველოს ნაკრები მე-2 ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, იქ მისი მეტოქეები E ჯგუფიდან გამოვლენ, რომელშიც გერმანია, ფინეთი, ავსტრალია, იაპონია არიან.




