შაბათს გამთენიისას, ქარიან მონტევიდეოში, შავი ლომი სუდამერიკა XV-ს შეხვდა. ტურნეს მე-4 მეტოქე სამხრეთ ამერიკული ნაკრები იყო (ბრიტანელი ლომების მსგავსი), რომლის ისტორიაც 1980 წლიდან იწყება.
პირველი ტაიმი პირ-ქარში ვითამაშეთ, მეტოქე ჯახში დავჯაბნეთ და ლელომაც არ დაახანა; ჯერ ლომიძე მიეძალა ცენტრში, შემდეგ მ.ბაბუნაშვილმა და ნარიაშვილმა აუბეს მხარი, ხოლო შეჯგუფებული მეტოქე ჩვენმა მგეზავმა გრძელი პასით მოჭრა და ტაბუცაძეს პირველი ლელო გაატანინა (5:0).
ამის შემდეგ, დაცვაში მოგვიწია გამაგრება. 5 წუთი ჩვენს 5 მეტრიანს ვიცავდით, მაგრამ ცოტა რომ დავიღალეთ, მაშინ გაყოჩაღდა მეტოქე და ტაიმის ბოლოს ჯერ რაქებიდან აიღე და მიეძალეთი დაგვიდეს ლელო, შემდეგ კი მოლით დაგვაფინიშეს. (5:14) ოღონდ ეგაა, ტელე-რეფმა ამ შუალედშიც 2 ლელო გააუქმა.
მეორე ტაიმში მაისაშვილმა ლიდერები შემოიყვანა, მგეზავად ლუკა მატკავა, ხოლო ცენტრში, კაპიტანი მერაბ შარიქაძე გაამწესა. თამაშსაც ეგრევე დაეტყო ცვლილებები – მატკავამ ჰაერში მოხსნილი ბურთი, მოდებაძეს გადააწოდა, მოდებაძემ ფრთისკენ შეტევით მარგალიტაძე ჩართო, რომელმაც ოვალი ოსტატურად დაუგორა ტაბუცაძეს, ხოლო ტაბუცაძემ ბურთი მუხლით აიგდო და ლელოში შეინავარდა, (12:14) რითაც შავი ლომის ბომბარდირობა დაიბრუნა: 19 თამაშში 16 ლელო.
შემდეგ ბედი მოლში ვცადეთ, საიდანაც მოულოდნელად მამამთავრიშვილი მოეხსნა და ეულად ლელოში აღმოჩნდა (17:14). 70-ე წუთზე სწარაფად გათამაშებული ჯარიმა ვერ დავიცავით და მათმა კაპიტანმა მეტოქე დააწინაურა (17:21).
ჩვენების პასუხმაც არ დააყოვნა და თაფლაძემ ორი მბოჭავი მარტივად გააბითურა – (24:21).
არც მეტოქე გატყდა, სწრაფი თამაშის შემდეგ დაგვაჯარიმეს, ბურთი კიდეზე დაარტყეს და იქიდან აგორებული მოლით მეორედ დაგვალელოვა ჩილეელმა აგუსტინ ბომემ, რომელიც 2 კვირის წინ სელკნამის სახელით გვერაგბა, სახრეთელმა 10 ნომერმა კი 4-დან 4 გარდასახვა გაგვიტანა (24:28).





