„მილანის“ მთავარი მწვრთნელის სტეფანო პიოლის თქმით, მის გუნდს მიღწეულზე შეჩერება არ სურს. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად „ნაპოლისთან“ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის მერე განაცხადა, რის შედეგად 1/2-ფინალში გავიდნენ.
„ძალიან კარგად გვახსოვს „რიუ ავესთან“ ჩატარებული მატჩი, რომლის შემდეგ ჩვენი ევროპული მოგზაურობა დაიწყო. ყველა ანდერდოგად მიგვიჩნევდა, მაგრამ 1/2-ფინალში დამსახურებულად გავედით.
პირველი მატჩის 1:0 მოგება ერთის მხრივ დაგვეხმარა, ხოლო მეორე მხრივ შეგვაკავა. მოედანზე ოსიმენის ყოფნის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ დაცვაში უფრო ღრმად გვეთამაშა და ბურთი „ნაპოლისთვის“ დაგვეთმო. ბურთს უფრო ნაკლებად ვფლობდით, ვიდრე საჭირო იყო, თუმცა მინდა ყველას თავდადებისთვის მადლობა გადავუხადო.
დიდი ალბათობით ნახევარფინალში „ინტერს“ შევხვდებით. ამ ეტაპზე ყველა მეტოქე ძლიერია. ბევრი გავაკეთეთ და მიღწეულზე შეჩერება არ გვსურს“ – იუწყება იტალიური მედია პიოლის ნათქვამს.



