„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა – კვარაცხელიამ პენალტი გააცუდა

0
65

„ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა დაასრულა. ლუჩანო სპალეტის გუნდი 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად „მილანთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო შინ დრამატულ ბრძოლაში მეტოქეს ვერ აჯობა და ახლა უკვე მთლიანად „სკუდეტოს“ მოპოვებაზე გადაერთო.
„დიეგო მარადონაზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა თავიდანე მეტოქეს მაღალი პრესინგი შესთავაზეს და დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. ხვიჩა კვარაცხელია ტრადიციულად აქტიური იყო და ერთ ეპიზოდში მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიწია, მოწინააღმდეგეს გაექცა, მაგრამ სუსტად დაარტყა.
22-ე წუთზე მარიო რუიმ თავის საჯარიმოში მილანელთა გარემარბი რაფაელ ლეაო წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ოლივიე ჟირუმ თერთმეტმეტრიანი დაარტყა და მერეტმა ბურთი მოიგერია. ამის შემდეგ ფრანგ ფორვარდს გოლის გატანის კიდევ ერთი რეალური შანსო ჰქონდა, როდესაც ახლო მანძილიდან დაარტყა, თუმცა მერეტმა ისევ იყოჩაღა.
43-ე წუთზე რაფაელ ლეაომ ჩვეულ სტილში რეიდი თავისი ნახევრიდან დაიწყო და მას მერე რაც სამ მეტოქეს გაცდა, პასი ნეაპოლელთა საჯარიმოში ჟირუს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მილანელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი კვარაცხელია ფინტით კალაბრიას გაცდა და მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა – ბურთი კარს გადაცდა.
ცოტა ხანში, ის საუცხოო მოძრაობებით ორ მცველს გაცდა და ცაციათი ისევ კარს ზემოთ დაარტყა.
მეორე ტაიმში იყო ეპიზოდი, როდესაც რაფაელ ლეაო თავის საჯარიმოში ფეხებში ირვინ ლოსანოს ჩაუხტა და წააქცია, მაგრამ მსაჯმა სიმონ მარცინიაკმა პენალტი არ დადო.
82-ე წუთზე „როსონერის“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა დი ლორენცომ პასი გააკეთა და ბურთი ხელში ტომორის მოხვდა, რომელის პასის ჩაჭრას ვარდნაში ეცადა. არბიტრის მიერ დადებული თერთმეტმეტრიანი კვარაცხელიამ დაარტყა და მენიომ მისგან მარჯვენა კუთხეში წასული ბურთი მოიგერია. კვარაცხელიამ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში პენალტი მეორედ ვერ გაიტანა – პირველად მას 1/8-ფინალში ფრანკფურტის “აინტრახტის” მეკარე კევინ ტრაპმა აჯობა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მარჯვნიდან რასპადორიმ საჯარიმოში ჩააწოდა და ოსიმენმა თავით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ „ნაპოლიმ“ უფროს მეტის გაკეთება ვერ შეძლო.
„მილანი“ 2007 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდა.
ლაშა თაბაგარი