გიორგი არაბულმა, რომელიც ავსტრალიაში სადებიუტო სეზონს ატარებს, „მაკარტურის“ მაისურით თავისი მე-5 გოლი გაიტანა.
24-ე ტურში ბექა მიქელთაძის „ნიუკასლ ჯეთსმა“ „მაკარტურს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
მასპინძლებმა ანგარიში 79-ე წუთზე გახსნეს, ხოლო მე-80 წუთზე მოედანზე შესულმა არაბულმა საპასუხო ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე- მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის საჯარიმოში ჩაწოდების მერე თავით შეაგდო. სამ წუთში ნიუკასლელებმა მეტოქის კარი მეორედ აიღეს და 3 ქულა მოიპოვეს.
მიქელთაძე სასტარტოში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს.
„ნიუკასლი“ 29 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა, ხოლო „მაკარტური“ 26 ქულით მეთერთმეტეა.
ავსტრიის ბუნდესლიგის ჩემპიონობისთვის მებრძოლი გრაცის „შტურმი“ გასვლაზე „კლაგენფურტს“ დაუპირისპირდა და 2:0 აჯობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კიტეიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 58-ე წუთზე როცა ანგარიში 0:0 იყო პენალტი ვერ გაიტანა. ის მე-80 წუთზე შეცვალეს. „შტურმი“ 30 ქულით ზედა ექვსეულში მე-2 პოზიციაზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება.
ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ გადასვლის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა. გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 28-ე ტურში „კარლსრუემ“ „არმინია“ მიიღო და 4:1 აჯობა. ზივზივაძე 62-ე წუთზე რაპმა შეცვალა, რომელმაც მოედანზე შესვლიდან ერთ წუთში ანგარიში გახსნა. „კარლსრუე“ 39 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





