თბილისის „დინამო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურში ბათუმში თანამოსახელეებთან მარცხს გადაურჩა.
ტურის ცენტრალური დაპირისპირების დაწყებიდან მალე მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა გულშემატკივრების მიერ ანთებული ფლაერების კვამლის გამო თამაში ცოტა ხნით შეაჩერა.
მე-16 წუთზე სენეგალელმა თავდამსხმელმა მუსა კონატემ მარცხენა ფრთაზე მიიღო და მას ემრე რაც ცენტრისკენ შეიწია ძლიერად დაარტყა – დავით კერესელიძემ ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო კართან ახლოს მყოფმა პაატა ღუდუშაურმა ანგარიში უპრობლემოდ გახსნა – 1:0.
24-ე წუთზე ნიგერიელმა ბენჟამინ ტეიდმა მოედნის ცენტრში დავით სხირტლაძის გადაცემა ჩაჭრა და პასი მეტოქის საჯარიმოში გახსნილ ბრაზილიელ ჯოვინო ფლამარიონს მისცა, რომელიც კარიდან გაუმართლებლად გამოსულ კერესელიძეს გაცდა და მახვილი კუთხიდან ბურთი კარში ჩაახვია – 2:0.
41-ე წუთზე, თორნიკე კირკიტაძის გადაცემის მერე, ნიდერლანდელმა იმრანმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში დაიმორჩილა და მას შემდეგ რაც ჩერნოგორიელს მცველ საშა ბალიჩს გაექცა, შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:1.
ტაიმის მიწურულს მსაჯმა მიიჩნია, რომ სანდრო ალთუნაშვილმა თამაშის წესი დაარღვია გიორგი ხარაიშვილთან ორთაბრძოლაში და მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა, რის გამო, ბათუმელთა ნახევარმცველმა თამაში ნაადრევად დაასრულა. არადა, გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ალთუნაშვილმა ბურთზე ითამაშა. ნონიკაშვილის გადაწყვეტილებამ ბათუმელი გულშემატკივრები გააღიზიანა და თამაში რამდენიმე წუთი შეწყდა. საბოლოოდ, საჯარიმო დარტყმა იმრანმა შეასრულა და მასპინძლების უკრაინელი მეკარე ანტონ ჩიჩკანი ბურთს დაეუფლა.
76-ე წუთზე ნიკა მალიმ მარჯვენა ფლანგიდან პასი ბათუმელთა საჯარიმოში დავით სხირტლაძეს გაუკეთა, რომელმაც ბურთი შორეულ კუთხეში ზუსტად გაგზავნა – 2:2. 82-ე წუთზე, მარჯვნიდან სხირტლაძის ჩაწოდებული ბურთი სერბმა ზორან მარუშიჩმა ახლოდან თავით დაარტყ, მაგრამ ჩიჩკანმა ხიფათი გაანეიტრალა.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ბათუმელებმა 20 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინერჩუნეს, ხოლო გია ჭიაბრიშვილის დამოძღვრილი თბილისელები ამდენივე ქულით მეორე ადგილზე არიან.
ქუთაისის „ტორპედო“ ბათუმში „ანგისას“ საწვრთნელ ბაზაზე ქობულეთის „შუქურას“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. კახა ჩხეტიანის შეგირდებიდან მე-40 წუთზე ანგარიში ცოტნე ნადარაიამ გახსნა, რომელმაც აკაკი შულაიას პასი გამოიყენა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე პარაგვაელი მაურო კაბალიეროს გადაცემის მერე საბოლოო ანგარიში ირაკლი ბუღრიძემ დააფიქსირა. „ტორპედო“ 15 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო უჩა სოსიაშვილის თავკაცობით „შუქურა“ 6 ქულით მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





