„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო და 3:0 დაამარცხა. სამართლე უნდა ითქვას, რომ ბავარიელთა მეკარე იან ზომერმა რამდენიმე ეპიზოდში თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა, თორემ ანგარიშში სხვაობა გაცილებით დიდი იქნებოდა.
მატჩის 27-ე წუთზე როდრიმ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ერთი მცველი ჩამოიცილა და მარცხენა ფეხით „მოჭრილი“ დარტყმით „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა.
70-ე წუთზე „ბაიერნის“ ფრანგმა მცველმა უპამეკანომ, რომელმაც „საშინლად“ ითამაშა, მორიგი შეცდომა დაუშვა და ერლინგს ჰოლანდის პასის მერე, ბერნარდუ სილვამ თავური დარტყმით ანგარიში გაზარდა – 2:0.
76-ე წუთზე „სიტის“ მორიგი შეტევის დროს ჯონ სტოუნსმა საჯარიმოში თავით პასი ჰოლანდს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა.
„სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მიუნხენელთა თავკაც თომას ტუხელს ზედიზედ 3 დაპირისპირება მოუგო, ხოლო საერთო ჯამში 11-დან 7.
„ბაიერნმა“ წლის განმავლობაში მიჯრით 8 გამარჯვების შემდეგ პირველად წააგო. გარდა ამისა, 2017 წლის შემდეგ მიუნხენელები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდნენ.
ჰილანდი 7 შეხვედრაში გატანილი 11 ბურთით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია.
ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა ამ სეზონში ყველა ტურნირში უკვე 45 ბურთი შეაგდო, რაც ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელისთვის რეკორდია.
ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 19 აპრილს მიუნხენში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





