კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 ტური გორში ჩატარებული ცენტრალური შეხვედრით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი „დილა“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდა. „თენგიზ ბურჯანაძეზე“ საინტერესო ბრძოლა წარიმართა, რომელმაც საბოლოოდ გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
შეხვედრის მე-3 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან რევაზ ჩიტეიშვილის ჩაწოდების შემდეგ, ბათუმელთა მცველ გიორგი რეხვიაშვილს საჯარიმოში თავზე შეეხო ბურთი, რომელსაც კარის შორეულ ძელთან ბარბადოსელმა ტიერი გეილმა მიასწრო და ანგარიში გახსნა – 1:0.
პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, საპასუხო ბურთის გატანა ბრაზილიელ ჯოვინო ფლამარიონს შეეძლო, როდესაც გორელთა საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი კარს ააცილა.
შესვენების შემდეგ, მოედანზე ისევ თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, მაგრამ მეორე ტაიმის შუაწელში გია გეგუჩაძის გაწვრთნილების ტერიტორიულ უპირატესობას და ამან თავისი შედეგი გამოიღო. 74-ე წუთზე, სანდრო ალთუნაშვილი მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, გზად ორ მეტოქეს გაცდა და ბურთი ვლადიმერ მამუჩაშვილს გადააწოდა, რომელმაც დაახლოებით 22 მეტრიდან ისე დაარტყა, რომ გორელთა უკრაინელმა მეკარე კუჩერენკომ რეაქციაც ვერ გააკეთა – 1:1.
მატჩის მიწურულს გრიგოლ ჩაბრაძე „დილას“ საჯარიმოში შეიჭრა და მცველთან ორთაბრძოლაში წაიქცა. ბათუმელთა მცველი პენალტის დანიშნვნას ითხოვდა, მაგრამ VAR-ის ოთახიდან მთავარ მსაჯ გიორგი ყრუაშვილს უკარნახეს, რომ წესი არ დარღვეულა. ამ ეპიზოდის შემდეგ ტრიბუნაზე გორელ და ბათუმელ გულშემატკივრებს შორის ვითარება დაიძაბა, თუმცა მალე განიმუხტა. მატჩის ბოლო წუთზე ფლამარიონი კუჩერენკოსთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მისი დარტყმული უკრაინელმა გოლკიპერმა მოიგერია, არადა, ბრაზილიელს სტუმრებისთვის 3 ქულის მოპოვება შეეძლო.
„დინამომ“ ამ სეზონში ქულები პირველად დაკარგა – 7 ქულით მეორე ადგილზეა. უკრინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილ „დილას“ ჯერ არ მოუგია და 2 ქულით მერვეა.




