საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედმა მფლობელმა ქუთაისის „ტორპედომ“ მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი გუნდი „სამტრედიას“ ეწვია და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა.
მატჩის 33-ე წუთზე ანგარიში გიორგი არაბიძემ გახსნა, რომელმაც მარჯვენა ფრთაზე დანიშნული საჯარიმო დარტყმის შერულების დროს, მახვილი კუთხიდან ბურთი პირდაპირ კარში „ჩაახვია“ – ამ ეპიზოდში მასპინძლების ბელარუსი მეკარე იაროსლავ ბურიჩენკოვი აშკარად შეცდა.
„ტორპედოდან“ მეორე გოლი ნიკა კაჭარავამ გაიტანა, რომელმც საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ თავი პირველად გამოიჩინა. 66-ე წუთზ ფაქტობრივად ანალოგიური პოზიციიდან არაბიძემ „ჯარიმის“ დარტყმის დროს ისევ კარში დაარტყა და ბურიჩენკოვის მოგერიებულ ბურთს ახლო მანძილიდან კაჭარავამ დაამატა.
დარჩენილ დროში მეტი ბურთი არ გასულა და „ტორპედო“ 5 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. გიორგი სოსიაშვილის ხელმძღვანელობით „სამტრედიას“ 3 ქულა აქვს და მეშვიდეა.
გიორგი ჭელიძის თავკაცობით წყალტუბოს „სამგურალი“ ზესტაფინში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე „თელავს“ დაუხვდა და მინიმალური ანგარიშით სძლია. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა, რომელმაც დემურ ჩიხლაძის პასის მერე, მეტოქის მცველსა და კარიდან გამოსულ ლევან თანდილაშვილს აჯობა, რის შემდეგ ზუსტად დაარტყა – 0:1. „სამგურალი“ 6 ქულით მესამე პოზიციაზეა, ხოლო ჯერჯერობით მოუგებელი „თელავი“ ქულით მერვეა.
ომარ თეთრაძემ მწვრთნელის რანგში საქართველოს ჩემპიონატში პირველი თამაში მოიგო. თბილისის „საბურთალომ“, რომელიც რუსეთის ნაკრების ექსკაპიტანმა ზამთარში ჩაიბარა, რუსთავში მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ქობულეთის „შუქურა“ მიიღო და 2:1 აჯობა.
თამაშის მე-8 წუთზე ლუკა სილაგაძემ საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და ბურთი კარში აღმოჩნდა. 27-ე წუთზე „შუქურას“ შეტევა მასპინძლების საჯარიმოს ხაზიდან გიორგი ჯანელიძემ გოლით დაასრულა – 1:1. 31-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს პასი ლაშა პარუნაშვილს გაუკეთა, რომელმაც თავით მიმართულება შეუცვალა ბურთს, რომელიც საბოლოოდ კარში ირაკლი სიხარულიძემ გადაგზავნა – 2:1. თეთრაძის გუნდმა ანგარიში შეინარჩუნა და 4 ქულით მე-5 ადგილზეა. უჩა სოსიაშვილის „შუქურა“ 3 ქულით მეექვსეა.





