რვა გოლი თბილისის ზღვაზე – ჩემპიონმა ზედიზედ მესამედ მოიგო

0
54

თბილისის „დინამოს“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯერჯერობით ასპროცენტიანი შედეგი აქვს. მე-3 ტურში გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი თბილისის ზღვაზე მდებარე ილია კოკაიას სახელობის ტექნიკურ ცენტრში „გაგრას“ ეწვია და მორიგი სამი ქულა აიღო.
მატჩის მე-9 წუთზე მარცხენა ფლანგიდან დავით კობოურის მასპინძლების საჯარიმოში ჩაწოდებას გაბრიელ სიგუას თავური მოჰყვა და უკრაინელი მეკარე ოლექსანდრ ვორობეის მოგერიებული ბურთი თორნიკე კირკიტაძეს მიუვიდა, რომლის პასი მაროკოელმა იმრანმა „ცხრიანში“ აუღებელ დარტყმად აქცია – 0:1.
მე-19 წუთზე ჭიაბრიშვილმა კონგოელი ფრანცის ზამბა შეცვალა, რომელმაც ტრავმა მიიღო და თამაშში საბა ხვადაგიანი ჩაერთო.
39-ე წუთზე დინამოელებმა თავის ნახევარზე დაკარგეს ბურთი, რომელსაც ბრაზილიელი ნახევარმცველი მათეუს მარკონდელი დაეუფლა და მას მერე რაც სტუმართა საჯარიმოში შეჭრილი ჯიმი ტაბიძეს გაექცა, შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:1.
43-ე წუთზე სერბმა ზორან მარუშიჩმა დაიწყო კონტრშეტევა და მარჯვენა ფლანგზე გახსნილი თორნიკე კირკიტაძე მოძებნა, რომელმაც საჯარიმოში შესვლის მერე ბურთი გვინეელ უსმანე კამარას გადააწოდა, ხოლო ამ უკანასკნელმა „დინამო“ წინ გაიყვანა – 1:2.
მეორე ტაიმის სტარტზე „დინამოს“ მეკარე ლუკა კუტალაძემ თავისი ნახევრიდან ფეხით ზუსტი გადაცემა გაააკეთა და ვორობეისთან პირისპირ მარუშიჩი გაიყვანა, რომელმაც თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:3.
ამ ეპიზოდიდან ორ წუთში მარუშიჩი მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და პასი ფაქტობრივად გაგრელთა კარის ხაზზე მდგომ სიგუას გაუკეთა, რომელმაც ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა – 1:4.
55-ე წუთზე, მარუშიჩი მეტოქის საჯარიმოში ისევ მარცხნიდან შევიდა და ამჯერად ზუსტი პასი კამარას მისცა. რომელმაც დუბლი მიითვალა – 1:5.
74-ე წუთზე მატჩის ყველაზე ლამაზი გოლი გავიდა – თემურ შონიამ დინამოელთა ცენტრალურ მცველ ტაბიძესთან ორთაბრძოლაში მიიღო ბურთი და სტუმართა საჯარიმოს მისადგომებიდან თავს ზემო კარიდან წინ ოდნავ გამოსულ ლუკა კუტალაძეს თავს ზემოთ გადაუგდო – 2:5.
შონია ერთ გოლს არ დასჯერდა და 82-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ლუკა ჩაგანავას გადაცემის მერე საჰაერო ორთაბრძოლაში საბა ხვადაგიანს აჯობა, რასაც თავურით ეფექტური გოლი მიაყოლა – 3:5.
„დინამო“ 9 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო გაგა კირკიტაძის დამოძღვრილი „გაგრა“ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით გამარჯვების გარეშეა და ერთი ქულით ბოლოა.