ერთი ნაბიჯი ისტორიულ მუნდიალამდე…

0
75

მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფურ სტადიაზე საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდების ქალაქ ალმერეში ბოლოსწინა შეხვედრაში მასპინძელთა გუნდი 88:80 დაამარცხა და მუნდიალზე გასასვლელად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. მიუხედავად ნიდერლანდელთა გადახალისებული, ახალგაზრდული შემადგენლობისა მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა.
პირველი და მეორე პერიოდები ნიდერლანდელებმა შესაბამისად 19:17 და 23:18 მოგვიგეს. მესამე მეოთხედიდან მოყოლებული საქართველოს ეროვნული გუნდი უკეთ ათამაშდა, მაგრამ დაძაბულობა ბოლომდე გაგრძელდა. საბოლოოდ გადამწყვეტი სიტყვა ქართველთა უფრო მაღალმა კლასმა და გამოცდილებამ თქვა – ჩვენებმა “პირველ ფინალად” წოდებული ასპარეზობა მოიგეს და იმედია, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ოფიციალურად 26 თებერვალს თბილისში, ისლანდიის წინააღმდეგ პაექრობისას გავინაღდებთ.
ალმერეს მატჩში ჩვენებურთაგან საუკეთესოები გუნდის ლიდერები, კაპიტანი თორნიკე შენგელია (25 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა), ვიცე-კაპიტანი გიორგი შერმადინი (22 ქულა, 6 მოხსნა) და ნატურალიზებული უკანახაზელი თად მაკფადენი (20 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა, 2 მოხსნა) იყვნენ.
მატჩის შემდეგ გაიმართა ტრადიციული პრესკონფერენცია, რომელზეც გიორგი შერმადინმა და მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ისაუბრეს:
გიორგი შერმადინი: „ჩვენი ფიქრები კვირის მატჩისკენაა. ნიდერლანდები დავამარცხეთ და ერთი ნაბიჯი გადავდგით მსოფლიო ჩემპიონატისკენ. დარჩა ერთი მოგება, 26 თებერვალს ისლანდიასთან, რომელსაც მთელი საქართველო ელის. 10 ათასიანი დარბაზი ბოლომდე გაივსება და გულშემატკივარი ექსტრა-ენერგიას მოგვცემს. თავს არ დავზოგავთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ხომ განსაკუთრებული მოვლენაა“.
ილიას ზუროსი: „ჩვენთვის ეს ურთულესი თამაში იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ორიდან ორი მატჩის მოგება გვჭირდებოდა. 10 ქულით ვაგებდით და სწორედ ამ დროს გამოიჩინეს კალათბურთელებმა დიდი სიმამაცე. თამაში შემოვატრიალეთ და უმნიშვნელოვანესი მოგება მოვიპოვეთ.
რა შევცვალეთ პირველი ტაიმის შემდეგ? ბევრი არაფერი – უბრალოდ მატჩის დასაწყისში უამრავი სამქულიანი გავაცუდეთ, იყო ერთგვარი ნერვიულობა. მეტოქეს თავდაჯერებით თამაშის უფლება მივეცით. მეორე ტაიმიდან კი მეტად კონცენტრირებულები და მოტივირებულები ვიყავით. სამქულიანებიც გამოვიყენეთ და ყველაფერი გაიოლდა.
კვირას, 26 თებერვალს ისლანდიას დავუპირისპირდებით. ეს იქნება საქართველოს ნაკრების დიდი გამოწვევა. ამიტომ, მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ. დავივიწყოთ ნიდერლანდებთან მატჩი და მოვემზადოთ ისლანდიისთვის.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თორნიკე შენგელიას მონდომება. მან დღეს ალმერეში ითამაშა, ხვალ ევროლიგაზე ელის შეხვედრა, რის შემდეგაც თბილისში შემოგვიერთდება და ისლანდიასთან მატჩში დაგვეხმარება“.