“ნაპოლიმ”, რომლის ღირსებას ხვიჩა კვარაცხელიას იცავს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად ფრანკფურტის “აინტრახტი” 2:0 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში პირველად შანსი აქვს, რომ ნახსენები ტურნირის 1/4-ფინალში გავიდეს.
შეხვედრის დასაწყისში მასპინძლები მცირე ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შემდეგ იტალიელებმა თამაშის სადავეები ხელთ იგდეს და მსაჯის საფინალოს სასტავენამდე არ გაუშვიათ.
ტაიმის შუაწელში კვარცხელიამ საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით დაარტყა და უცნაური ტრაექტორიით წასული ბურთი მეკარე ტრაპმა მოიგერია. 36-ე წუთზე გერმანელების მცველმა თავის საჯარიმოში ოსიმენი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც კვარაცხელიამ დაარტყა, მაგრამ ტრაპმა მისგან მარჯვენა კუთხეში წასული ბურთი უკუაგდო. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ თერთმეტმეტრიანი მესამედ შეასრულა და მანამდე ორი ცდა წარმატებით გამოიყენა.
მე-40 წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგზე მექსიკელმა ირვინ ლოსანომ რეიდი წამოიწყო და “აინტრახტის” შორეულ ძელთან ოსიმენი მოძებნა, რომელმაც ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა- 0:1. ანგარიშის გახსნიდან ერთ წუთში ლოსანომ და ოსიმენმა ანალოგიური კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ისევ გოლით დასრულდა, თუმცა არბიტრმა ნიგერიელ ფორვარდზე თამაშგარე დააფიქსირა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ლოსანოს პასის შემდეგ კვარაცხელია ტრაპთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი ოდნავ წინ გაიგდო და მისი დარტყმული კარიდან გამოსულმა მეკარემ გაანაიტრალა.
65-ე წუთზე კვარაცხელიამ შეტევა მარცხენა ფლანგიდან დაიწყო და ბურთი ჯერ ერთ თანაგუნდელთან გაათამაშა, ხოლო შემდეგ ანგისას გადააწოდა, რომელმაც დროულად შენიშნა საჯარიმოში გახსნილი ქართველი, ამ უკანასკნელმა კი ქუსლით საუცხოო პასი მისცა დი ლორენცოს, რომლის დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა – 0:2. კვარაცხელიამ “ნაპოლიში” ყველა ტურნირში ჩატარებულ 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი მიითვალა.
ის მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გაკეთებული საგოლე გადაცემებით პსჟ-ს ფორვარდ ლიონელ მესის გაუტოლდა. “კვარა” შეხვედრის 84-ე წუთზე შეცვალეს.
“ნაპოლიმ” ყველა ტურნირში გამართული ბოლო 9 მატჩიდან 8 მოიგო – 16 გოლი გაიტანა და 4 გაუშვა. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ნეაპოლში 15 მარტს შედგება.




