„ვალენსიამ“ ჯენარო გატუზოს დათხოვნის შემდეგ ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. 21-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის გუნდმა ბილბაოს „ატლეტიკი“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ უქულოდ დარჩა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და მასპინძლების მარცხში მისი წვლილი ყველაზე მცირეა. თამაშის დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით თურქეთში და სირიაში მიწისძვრით დაღუპულებს პატივი მიაგეს.
„ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ვორომ მე-16 წუთზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ურუგვაელი კავანი შეცვალა, რომელმაც ტრავმა მიიღო.
შეხვედრის მე-17 წუთზე „ვალენსიას“ ფეხბურთელებმა რამდენიმე სვლიანი ძალიან კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც მეტოქის საჯარიმოში ილაიშ მორიბას გადაცემით და სამუ კასტილეხოს ზუსტი დარტყმით დასრულდა – 1:0.
30-ე წუთზე ნიკო ვილიამსი „ღამურების“ მცველებს გაექცა და მამარდაშვილთა პირისპირ დარჩენილმა ქართველ მეკარეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა – 1:1.
72-ე წუთზე, ჩომერტმა თავისი ნახევრიდან შეტევის დაწყება დრიბლინგით სცადა, მაგრამ ბურთი დაკარგა და ბასკების კონტრშეტევა მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა სანსეტმა გოლით დაასრულა – 1:2.
„ვალენსია“ 20 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა და თუ სასწრაფოდ თამაში არ გამოასწორა, დიდი შანსია ქვედა ლიგაში გავარდეს.



