კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე მარტვილის “მერანში” რადიკალური ცვლილებებია. ამის შესახებ კლუბის დირექტორმა ჯესი სურმავამ მარტვილელთა ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა:
“მას შემდეგ, რაც ორიოდე წლის წინ ჩემს მეგობართან ერთად ჩავუდექი საფეხბურთო კლუბ მარტვილის “მერანის” ხელმძღვანელობას სათავეში, ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემი ქალაქისა, ფეხბურთში ჩართული ადამიანებისა და გულშემატკივრების წინაშე. აღნიშნულ პერიოდში გვქონდა ორი რადიკალურად განსხვავებული საფეხბურთო სეზონი, რომლებიც არსებული რესურსების და პირობების სრულად გამოყენების შემდეგ სპორტული შედეგების კუთხით შეიძლება შეფასდეს როგორც წარმატებულ, ასევე წარუმატებელ პერიოდებად.
აღნიშნული საკითხების გაანალიზების შემდეგ, ჩვენ ზუსტად ვიცით თუ რა იყო როგორც წარმატების, ასევე წარუმატებლობების მიზეზები, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ურთულეს გამოწვევებს ჩვენ არ გაურბივართ, რა თქმაუნდა ვართ თვითკრიტიკულები და ასევე მომთხოვნები ყველა იმ პასუხისმგებელი პირის მიმართ, რათა მოზიდული რესურსებისა და შექმნილი პირობების გათვალისწინებით მიგვეღწია მაქსიმალური შედეგისათვის.
მარტვილის “მერანის” გულშემატკივრებთან და განსაკუთრებით იმ ნაწილთან, რომლებიც ჩართული არიან კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებაში, კლუბს და პირადად მეც მრავალჯერ გამიმართავს შეხვედრები და ისინი ყოველთვის დეტალურად იყვნენ საქმის კურსში ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში თუ რა ძალისხმევას ვეწეოდით და ვეწევით დღესაც ჩვენი გუნდის ფუნქციონირების შენარჩუნებისათვის.
კიდევ ერთხელ მოკლედ განვმარტავ, რომ მარტვილის საფეხბურთო აკადემიისა და საფეხბურთო კლუბ მარტვილის “მერანის” ერთიანი ფუნქციონირების მოდელით, ჩვენ მოვახერხეთ მეზობელი ქვეყნიდან ინვესტორის დაინტერესება, რომლებმაც კლუბში 2021 და 2022 წლის დასაწყისში კლუბში შეთანხმებული გეგმა გრაფიკის გათვალისწინებით განახორციელეს საჭირო ფინანსურ მხარდაჭერა, მაგრამ 2022 წელს რეგიონში მიმდინარე საომარი მოვლენებით გამოწვეულმა პროცესებმა და მეზობელ ქვეყანაში მაღალმა ფინანსურმა ინფლაციამ, მნიშვნელოვნად შეაფერხა ფინანსური სახსრების მიღება და 2022 წლის მეორე ნახევრიდან აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად დაეტყო კლუბს, რაც აისახა სპორტული შედეგების გაუარესების მიმართულებით.
მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო უკლებლივ ყველა ფეხბურთელს, სამწვრთნელო სტაფს და კლუბში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც შექმნილი შეფერხებების მიუხედავად თავდაუზოგავად შრომობდნენ უკეთესი შედეგებისათვის.
დღეს კლუბში ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს, რაც რა თქმაუნდა მტკივნეულია როგორც კლუბის წარმომადგენლებისა თუ თითოეული ერთგული გულშემატკივრისათვის, მაგრამ არსებული რესურსებით ამ ეტაპზე კლუბის ეფექტური ფუნქციონირება ამ ტიპის გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია.
რამდენიმე დღეში დასრულდება გუნდის სრული რეორგანიზაცია და ჩვენ მაქსიმალურ კომუნიკაციაში ვიქნებით ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებთან და სრულად მივაწვდით ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
მარტვილში ფეხბურთს 67-წლიანი ისტორია აქვს, ხოლო საფეხბურთო კლუბ მარტვილის მერანის დაარსების დღიდან კლუბის უწყვეტი და 16 წლიანი წარმატებული ფუნქციონირების პერიოდში ძალიან დიდი რესურსია ჩადებული, როგორც ადამიანური ასევე ფინანსური კუთხით და დღეს ჩემი ამ გუნდში ყოფნის უმთავრესი მოტივაცია არის ის, რომ მაქსიმალურად დავაფასო ამ წლების მანძილზე ჩართული ადამიანების მიერ გაწეული შრომა და მნიშვნელოვანი გამოწვევების მიუხედავად მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოვახდინოთ განახლებული სტრუქტურული განვითარების მოდელზე გადასვლა.
სტრუქტურულ განვითარებაში ყოველთვის ვგულისხმობდი და მომავალშიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იქნება მარტვილის საფეხბურთო აკადემიიდან ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრაცია დიდ გუნდში და ახალგაზრდა ფეხბურთელების მაქსიმალური დაწინაურება. რა თქმაუნდა ეს პროცესი მოიცავს სირთულეებს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად აღნიშნული სტრატეგიით ფუნქციონირება, იმ პირობებში როდესაც გაგაჩნია რეგიონალური საფეხბურთო აკადემია მიმაჩნია რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც გრძელვადიან პრესპექტივაში კლუბს და ამ კლუბში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოუტანს წარმატებებს.
კლუბში მოსული ახალგაზრდა და აკადემიიდან დაწინაურებული ფეხბურთელების შესახებ ინფორმაციას უახლოვეს დღეებში მოგაწოდებთ, ხოლო ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განთავისუფლებულ ფეხბურთელებს უკლებლივ ყველას ვუსურვებ წარმატებებს.
განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ბატონ ვარლამ კილასონიას თანადგომა, ყველაზე რთულ და უმნიშვნელოვანეს პერიოდში. ზემოთაღნიშნული პრობლემების მიუხედავად ის მისი მარტვილისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე დამთანხმდა სეზონის ბოლომდე დაგვდგომოდა გვერდით, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო”.




