„ნაპოლის“ და კვარაცხელიას პირველი მარცხი სერია A-ში

0
87

„ნაპოლი“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში პირველი მატჩი წააგო. მანამდე, ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ტოპ 5 ლიგაში ერთადერთი იყო, რომელიც შიდა ჩემპიონატში არ დამარცხებულა. მე-16 ტურში ნეაპოლელები სტუმრად მილანის „ინტერს“ შეხვდნენ და თამაში მინიმალური ანგარიშით დათმეს.
კვარაცხელიამ, რომლმაც ზურგის ტრავმის გამო შარშან ნეაპოლელთა მიერ ჩატარებული ბოლო 3 შეხვედრა გამოტოვა, სასტარტო შემადგენლობაში იყო. მას „ინტერის“ კაპიტანი სლოვაკი მილან შკრინიარი ძალიან მჭიდროდ მეურვეობდა და არც უხეშობას ერიდებოდა. კვარაცხელიამ ერთადერთხელ გაამწვავა ვითარება, როდესაც მეორე ტაიმში მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და „ცაციათი“ დაარტყა – ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. ისიც სათქმელია, რომ იტალიის ჩემპიონატის ლიდერს თამაში არ გამოუვიდა და მხოლოდ ერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, როდესაც შეხვედრის მიწურულს რასპადორის დარტყმული ბურთი ონანამ მიგერია. კვარაცხელია 76-ე წუთზე შეცვალეს.
„ინტერმა“  გამარჯვების გოლი 56-ე წუთზე გაიტანა, როცა კონტშეტევის დროს მარცხენა ფლანგიდან დიმარკომ მასპინძლების საჯარიმოში ედინ ჯეკომ მოძებნა და ბოსნიელმა თავით მეტოქის კარი აიღო. ამ ეპიზოდში აშკარად შეცდა სტუმრების მცველი რაჰმანი.
„ინტერმა“ სახლში „ნაპოლის“ ზედიზედ მეხუთედ მოუგო. „ნაპოლიმ“ 41 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა, ხოლო „ინტერი“ 33 ქულით მე-4 ადგილზეა.