„კრემონეზემ“, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, 2023 წელს პირველი მატჩი შინ ტურინის „იუვენტუსთან“ ჩაატარა და დაძაბულ ორთაბრძოლაში მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში დამარცხდა.
ლოჩოშვილი სასტარტოში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მან იტალიურ გრანდთან დაპირისპირებაში დამაჯერებლად იასპარეზა.
მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე „კრემონეზე“ ქულას ნამდვილად იმსახურებდა, მაგრამ „იუვემ“ სახლში 3 ქულა არკადიუშ მილიკის წყალობით წაიღო.
პირველ ტაიმში მასპინძლებიდან თავით გოლი ვალერიმ გაიტანა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი კარიდან წინ გამოსულ შჩესნის თავს ზემოთ გადაუგდო. თუმცა, მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ბურთი არ ჩათვალა. ამის შემდეგ, ტურინელთა კარი დესერსმა აიღო, მაგრამ არბიტრმა კრემონელთა თავდამსხმელზე დარტყმამდე თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა.
მეორე ტაიმის შუაწელში დესერსის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, ფედერიკო კიეზა სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.
ამის შემდეგ „იუვეს“ ერთი წუთის მონაკვეთში ანგარიშის გახსნის 2 კარგი შანსი ჰქონდა – კარნესეკიმ ჯერ ადრიენ რაბიოს არ გაატანინა, ხოლო კუთხურის შემდეგ ახლო მანძილიდან მოიზე კინის დარტყმული აიღო.
კრემონელთა საპასუხო შეტევის დროს ვალერიმ „იუვენტუსის“ საჯარიმოში შესვლის შემდეგ ძლიერად დაარტყა და შჩესნიმ ბურთი კუთხურზე უკუაგდო.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მილიკმა დაახლოებით 23 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი ჯერ გვერდით ძელს შეეხო, ხოლო შემდეგ კარში შევარდა – 0:1.
„კრემონეზეს“ მიმდინარე სეზონში ჯერ თამაში არ მოუგია და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.





