ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე (ედსონ არანტეს დუშ ნასიმენტუ) 82 წლის ასაკში სწორი ნაწლავის სიმსივნით გარდაიცვალა.
“ფეხბურთის მეფე” 1940 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების (1957-1971), “სანტოსისა” (1956-1974) და “ნიუ იორკ კოსმოსის” (1975-1977) ყოფილი ფორვარდმა (სიმაღლე 173 სმ) და ლიდერმა ასპარეზობა დაიწყო “ბაურუში” (1952-1956).
პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ეს მან 1958, 1962 და 1970 წლებში მოახერხა. ამასთან, 1958 წელს, შვედეთში გამართულ მუნდიალზე, როდესაც ბრაზილიელებმა პირველად იზეიმეს პლანეტის საუკეთესო გუნდის ტიტულის დაუფლება, პელე მხოლოდ 17 წლის იყო.
1962 წელს, ჩილეში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატს პელე ტრავმის გამო გამოეთიშა, მაგრამ ყვითელმაისურიანებმა მის გარეშეც მოახერხეს გამარჯვება და საპატიო თასის ზედიზედ მეორედ დაუფლება. უკვე 1970 წელს, პელე თავისი ქვეყნის ნაკრების ნამდვილ ლიდერად მოევლინა საფეხბურთო სამყაროს და ბრაზილიელებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს. “სანტოსთან” ერთად პელეს 10-ჯერ აქვს მოგებული პაულისტას ტურნირი, სამჯერ რიო-სან პაულუს ტურნირი. ასევე “სანტოსთან” ერთად, პელემ ორჯერ მოიგო საკონტინენტთაშორისო თასი (1962, 1963), ორჯერ – “კოპა ლიბერტადორესი” (1962, 1963), ხოლო ექვსჯერ – ბრაზილიის თასი.
1977 წელს, პელე “ნიუ იორკ კოსმოსთან” ერთად, ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის (NASL) ჩემპიონი გახდა. “სანტოსის” რიგებში მან 412 შეხვედრა ჩაატარა და 470 გოლი გაიტანა, “ნიუ იორკ კოსმოსის” მაისურით 56 მატჩში 31 გოლის გატანა შეძლო, ხოლო ბრაზილიის ეროვნული გუნდში ასპარეზობისას, 92 მატჩში, 77-ჯერ გამოიჩინა თავი. 1970 წელს, პელე მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენად სცნეს, ხოლო 1973 წელს – სამხრეთ ამერიკის უძლიერეს ფეხბურთელად აღიარეს. ფიფამ პელე მეოცე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
პელეს გარდაცვალების გამო ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადეს. 2 იანვარს პელეს საავადმყოფოდან სადაც გარდაიცვალა, სანტუსში სტადიონ “ვილა ბელმიროზე” გადაასვენებენ. მასთან გამომშვიდობების ცერემონია დილას 10 საათზე დაიწყება და ფეხბურთის ლეგენდისთვის პატივის მიგებას ნებისმერი მსურველი მოახერხებს, მაგრამ კუბოსთან მიახლოება აკრძალულია.
ამის შემდეგ სანტუსის ქუჩებში პროცესია გაიმართება, რომელიც “სამყაროს ნეკროპოლში” დასერულდება, სადაც პელეს დაკრძალავენ. დაკრძალვას მხოლოდ ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დაესწრებიან.

პელეს ყველა რეკორდი:
მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება – 3
ბრაზილიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი – 77
მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული – 17 წლის და 249 დღის
მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი – 17 წლის და 239 დღის
„სანტოსის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი – 643 გოლი 659 მატჩში
ყველაზე მეტი გოლი კალენდარულ წელს – 127
ყველაზე მეტი ჰეთ-თრიკი – 92
მსოფლიო ჩემპიონატზე ჰეთ-თრიკის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი – 17 წლის და 244 დღის
მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე – 17 წლის და 249 დღის
მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი – 17 წლის და 249 დღის
პირველი მოთამაშე, რომელმაც ზედიზედ სამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა
პირველი მოთამაშე, რომელმაც ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა
ყველაზე მეტი შედეგიანი პასი მსოფლიო ჩემპიონატზე – 10
ყველაზე მეტი შედეგიანი პასი ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე – 6
ყველაზე მეტი შედეგიანი პასი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში – 3
ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც 18 წლის ასაკამდე გაიტანა ნაკრებში 25 გოლი
ყველაზე მეტი გოლი საკონტინენტთაშორისო თასზე – 7
საკონტინენტთაშორისო თასზე ჰეთ-თრიკის ერთადერთი ავტორი
ყველაზე მეტი გოლი კარიერაში (ამხანაგური მატჩების ჩათვლით) – 1283





