ზლატკო დალიჩს მიაჩნია, რომ იაპონიამ ხორვატია სათანადოდ ვერ შეაფასა, რაც მათი შეცდომა იყო. ხორვატების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში იაპონიასთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ განაცხადა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა.
„ბიჭებს ვულოცავ, რადგან ისტორიული შედეგი აჩვენეს. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ. მსოფლიო 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა საუცხოო შედეგია. პირველი ნახევარი საათის განმავლობაში სიტუაციას ვაკონტროლებდით, მაგრამ პრობლემები საკუთარ თავს თვითონ შევუქმენით.
იაპონელებმა სათანადოდ არ დაგვაფასეს და ეს მათი შეცდომაა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენთან თამაში გაუადვილდებოდათ. ხორვატების დაუფასებლობა არ შეიძლება.
გოლი შესვენებამდე გავუშვით, რაც დიდი ხანია არ მომხდარა და ამან რიტმიდან ამოგვაგდო. ჩემმა მოთამაშეებმა საუცხოო მატჩი ჩაატარეს გუნდთან, რომელმაც გერმანია და ესპანეთი დაამარცხა“ – იუწყება დალიჩის ნათქვამს ხორვატული მედია.





