მბაპემ პოლონეთს შანსი არ დაუტოვა, ჟირუმ ანრის რეკორდი მოხსნა

0
49

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში პოლონეთი კილიანმ მბაპეს საუცხოო თამაშის ხარჯზე დაამარცხა. განვლილი მატჩი პსჟ-ს ფორვარდის ბენეფისად იქცა, რომელმაც დუბლთან ერთად საგოლე პასი მიითვალა.
მატჩში პირველი საგოლე მომენტი 37-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც კარის წინ მდგომა პიოტრ ზელინსკის გატანა მართებდა, მაგრამ პირდაპირ იქ დაარტყა, სადაც უგო ლორისი იდგა, რომელმაც ბურთი მოიგერია, დამატებაზე ზელინსკის მცველი გადაეღობა, თუმცა შეტევა გაგრძელდა და საბოლოოდ, კარის ხაზზე მდგომმა ვარანმა პოლონეთს ანგარიში არ გაატანინა.
44-ე წუთზე ფრანგების შეტევის დროს კიილიან მბაპემ მეტოქის საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე ოლივიე ჟირუ გაიყვანა, რომელმაც თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:0. ჟირუ 52 გოლით საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – მან ლეგენდარული ტიერი ანრის რეკორდი გააუმჯობესა.
74-ე წუთზე საფრანგეთის კონტრიერიში თავის ნახევარზე ჩამოსულმა ჟირუმ დაიწყო, რომელმაც შეტევაში დემბელემ ჩართო, ხოლო ეს უნაკასკნელი ცენტრისკენ შეიწია და მეტოქის საჯარიმოში მბაპე მოძებნა, რომელმაც ბურთის გასწორების მერე შჩესნისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში დაარტყა – 2:0.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მბაპე პოლონელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიწია და შორეულ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა – 3:0. ის 5 გოლით ჯერჯერობით მიმდინარე მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირია. ამასთანავე მან 2 საგოლე პასი მიითვალა. მბაპემ თავის კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-9 გოლი გაიტანა და ლიონელ მესის დაეწია. მოქმედი ფეხბურთელებიდან მუნდიალებზე თავი ყველაზე მეტჯერ გერმანელმა თომას მიულერმა გამოიჩინა – 10-ჯერ, ხოლო რეკორდსმენი ბუნდესნაკრების ექსფორვარდი მიროსლავ კლოზეა 16 გოლით. მბაპე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატებზე 9 გოლი 24 წლის ასაკამდე გაიტანა.
99-ე წუთზე მარცხნიდან გლიკის ჩაწოდების მერე უპამეკანოს თავის საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. რობერტ ლევანდოვსკის პირველი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა, რადგან მის მიერ ძალიან ცუდად დარტყმული ბურთი ლორისმა ხელებში დააფიქსირა. თუმცა, დარტყმის მომენტში ფრანგების მეკარეს ფეხები კარის ხაზზე არ ედგა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი გაამეორა – ამჯერად ლევანდოვსკი ზუსტი აღმოჩნდა. საფრანგეთის 1/4-ფინალში ინგლისსა და სენეგალს შორის გამარჯვებულს შეხვდება.