გიორგი მიქაძე: “დილასთან” მატჩი ჩვენთვის არაოფიციალური ფინალია”

0
48
წყალტუბოს ,,სამგურალი” მიმდინარე სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება. 3 დეკემბერს გორში ჩვენი გუნდი ფინალის ტოლფას შეხვედრაში ,,დილას” დაუპირისპირდება.
მოგეხსენებათ, გიორგი მიქაძის გუნდს ძალიან რთული კალენდარი ჰქონდა, თუმცა, ,,სამგურალმა” ბევრისათვის მოულოდნელად, ჩემპიონობისთვის მებრძოლ ბათუმისა და თბილისის ,,დინამოებთან” 4 ქულა მოიპოვა, მე–3 ადგილი შეინარჩუნა და ბოლო ტურში გორში 1 ქულიანი უპირატესობით ჩადის.
გუნდს ტრავმებისა და ავადმყოფობის შემდეგ დაუბრუნდნენ დემურ ჩიხლაძე, მიხეილ ბაშელეიშვილი და საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი რუხაძე.
,,სამგურალი” ,,დილასთან” მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება, გუნდის წევრები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და გულშემატკივრებს ბოლომდე ბრძოლას ჰპირდებიან…
გიორგი მიქაძე (“სამგურალის” მთავარი მწვრთნელი): ,,გორის ,,დილასთან” მატჩი ჩვენთვის არაოფიციალური ფინალია. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ იმ პოზიციაზე ვყოფილიყავით, სადაც ახლა ვართ. ,,დილასთან” მატჩში სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, ამისთვის მზად ვართ. გულშემატკივრების მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვერდში გვიდგანან და გვაძლიერებენ. ვიცი, რომ გორში ბევრი აპირებს წამოსვლას, მათი ძალიან მადლიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ”.
ჯეფერსონ ჯერალდო 13 საგოლე გადაცემით მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ,,მეპასეა”. ჯეფინიო ,,დილასთან” დაპირისპირებას იმედიანად ხვდება და შემდეგ კომენტარს აკეთებს:
,,სიმართლე ისაა, ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრს არ სჯეროდა, რომ ,,სამგურალი” შესაძლოა სამეულში ყოფილიყო. თუმცა, დიდი შრომითა და თავდადებით ჩვენი გუნდი თამაშიდან-თამაშამდე წინ მიიწევდა და აჩვენებდა, რომ უფრო დიდი მიზნებისთვის შეეძლო ბრძოლა. ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას კარგი შანსებით ვხვდებით. ,,დილა” ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც პატივს ვცემთ. ეს იქნება ურთულესი მატჩი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ რომ, სასურველ შედეგს მივაღწიოთ და მიმდინარე სეზონი ,,ოქროს გასაღებით” დავხუროთ”.
გუნდის ბომბარდირმა (13 გოლი) ირაკლი რუხაძემ ვირუსის გამო თბილისის ,,დინამოსთან” მატჩი გამოტოვა. ირაკლი უკვე გამოჯანმრთელდა და ,,დილასთან” შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
ირაკლი რუხაძე: ,,ბოლო ტურის შეხვედრისთვის ორმაგი მოტივაციით ვემზადებით. წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, როგორც ფეხბურთელებს და გუნდის სტაფს, ასევე “სამგურალის” ყველა გულშემატკივარს. ჩემს ჯანმრთელობას რაც შეეხება, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბოლო მატჩი ვირუსის გამო გამოვტოვე, მაგრამ უკვე გამოვჯანმრთელდი და სათამაშოდ მზად ვარ. მოლოდინი და მიზანი მხოლოდ ერთია – ჩვენ გვაქვს ფინალის ტოლფასი მატჩი და გორში გამარჯვების მოსაპოვებლად ჩავდივართ.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც საშინაო თუ გასვლით თამაშებზე ჩვენთან ერთად არიან. იმედი მაქვს, გორში ბევრი გულშემატკივარი წამოვა და ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში გვერდში დაგვიდგებიან.
ტრავმის შემდეგ გუნდს კიდევ ერთი წამყვანი ნახევარმცველი დემურ ჩიხლაძე უბრუნდება. დემიკო გუნდთან ერთად ემზადება და მომავალ მატჩს იმედიანად უყურებს.
დემურ ჩიხლაძე:,, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს და ყველას ვისაც წყალტუბოს ,,სამგურალის” წარმატება უნდა, გაცნობიერებული გვაქვს, რომ ეს თამაში არის ფინალი და სასურველი შედეგის მისაღწევად ყველა მაქსიმუმს გავიღებთ. გორის ,,დილა” კარგი გუნდია, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე, თუმცა ჩვენ ჩვენი პლუსები გვაქვს, ბიჭები 100 პროცენტით მზად არიან და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ეს შედეგი შემთხვევით არ მოსულა, სეზონის დაწყებიდან გუნდმა გრძელი და რთული გზა გამოიარა და ვფიქრობ, ,,სამგურალი” იმსახურებს იმ ადგილს, სადაც ახლა იმყოფება.
ჩემს ტრავმას რაც შეეხება, საკმაოდ დიდი დრო გამიცდა, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ, გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და თუკი, მწვრთნელი გადაწყვეტს, მზად ვარ გუნდს ნებისმიერ დროს დავეხმარო.
 ,,სამგურალის” ნიგერიელი საყრდენი ნახევამცველი ლუქმან გილმორი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამბობს, რომ ,,სამგურალს” რთული მატჩები არ აშინებს.
ლუქმან გილმორი: ,,ჩვენ ვიცით, რამდენად ძლიერი მეტოქე გვყავს, ,,დილასთან” მატჩი სეზონის მთავარი თამაშია და მოგების გარდა არაფრით დავკმაყოფილდებით. მიზნის მისაღწევად თავს არ დავზოგავთ და დარწმუნებული ვარ, სასურველ შედეგს მივიღებთ.
ჩვენ მთელი სეზონის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია და გორიც არ არის გამონაკლისი. მათთან წლეულს გამარჯვება არ მოგვიპოვებია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ჩვენ ყველა მატჩს, როგორც ფინალს ისე ვუდგებით და ახლაც მზად ვართ საბრძოლველად”.