მაროკოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატში F ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1/8-ფინალში გავიდა. ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა, როდესაც კანადელთა მეკარე ბორიანი საჯარიმოს გარეთ გამოვიდა და ცდილობდა პასი თანაგუნდელისთვის მიეცა, მაგრამ ბურთი ჰაკიმ ზიეჩს მიუვიდა, რომელმაც დაახლოებით 30 მეტრიდან ცარიელ კარში გაიტანა. 23-ე წუთზე აშრაფ ჰაკიმიმ თავისი ნახევრიდან საუცხოო პასი გაუკეთა ენ-ნესირის, რომელიც ორ ჯანადელ მცველს გაუმკლავდა და საჯარიმოში შესულმა ზუსტი დარტყმით აფრიკელები კიდევ უფრო დააწინაურა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე აგუერდმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა.
მაროკომ 7 ქულა დააგროვა და 1986 წლის შემდეგ პირველად მუნდიალის პლეი-ოფში გავიდა, ხოლო არსებობის ისტორიაში ასეთი რამ მეორედ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მუნდიალების ისტორიაში ჯგუფში ამდენი ქულა არცერთ აფრიკულ ნაკრებს დაუგროვებია. გარდა ამისა, მაროკომ ნიგერიის რეკორდი გაიმეორა, რომელიც აქამდე ერთადერთი აფრიკული ნაკრები იყო, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფი ორჯერ მოეგო – 1994 და 1998 წლებში. მაროკომ ჯგუფში პირველად 1986 წელს გაიმარჯვა.
ჯგუფში მე-2 პოზიცია დაიკავა ხორვატიამ, რომელიც დასკვნით შეხვედრაში ბელგიას დაუზავდა და 5 ქულა დააგროვა. ბელგიელები 4 ქულით მესამეზეა არიან, ხოლო უქულო კანადა ბოლოა. შეგახსენებთ, რომ ხორვატია რუსეთში 2018 წელს ჩატარებული მსოფლიო პირველობის ვერცხლის მედლების მფლობელია, ხოლო ბელგია – ბრინჯაოს.





