ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტან ჰარი კეინს კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის მე-2 ტურში აშშ-სთან შეხვედრაში დაფიქსირებული ფრე არცთუ ცუდ შედეგად მიაჩნია.
„ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში სათანადოდ ვერ ვთამაშობდით. „მშრალი“ მატჩის წყალობით ჯგუფში ძალიან კარგ პოზიციაზე ვართ.
ირანთან მატჩისგან განსხვავებით საგოლე მომენტების რეალიზაცია დაგვაკლდა. 2-3 მომენტი შევქმენით, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და ბრძოლას ვაგრძელებთ.
მეტოქე პრესინგს კარგად თამაშობდა და საქმეს გვირთულებდა. დრო და დრო პრესინგს კარგად ვუმკლავდებოდით. მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ. ვიცით, რომ უკეთესად თამაში შეგვიძლია, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ფრე ცუდი შედეგი არაა, რადგან აქ იოლი არცერთი მატჩია.
ჩვენს მიერ ჩატარებული პირველი შეხვედრის მერე, ხალხს ეგონა, რომ გზაზე ყველას წავლეკავდით, მაგრამ ასე არაა. კარგ გუნდს ვეთამაშეთ, მაგრამ ეს ის არაა, რისთვისაც აქ ჩამოვედით“ – ციტირებს კეინს BBC.




