კვარაცხელიამ „მარადიულ ქალაქში“ მოიგო

0
35

„ნაპოლიმ“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის იტალიის სერია A-ში ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო. ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი გუნდის მე-11 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში სტუმრად ჟოზე მოურინიოს დამოძღვრილ „რომას“ მინიმალური ანგარიშით აჯობა.
კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და როგორც ყოველთვის თავის გუნდში ერთ-ერთი აქტიური იყო, მაგრამ ამჯერად არც გოლი გაუტანია და არც საგოლა პესი გაუკეთებია.
თუმცა, ბევრი პრობლემა შეუქმნა მასპინძლების მარჯვენა მცველ კარსდორპს, რომელიც გამოცდილ კრის სმოლინგს რომ არ დაეზღვია, ქართველი გარემარბი მეტოქის საჯარიმოში ვითარებას გაცილებით გაამწვავებდა.
მატჩის პირველ ტაიმში რეალური საგოლე მომენტი არც ერთ კართან შექმნილა. შესვენების შემდეგ, ანგარიშის გახსნა ჯერ ნეაპოლელთა მცველ ჟესუსს შეეძლო, რომელმაც „რომას“ საჯარიმოში შექმნილი არეულობით ვერ ისარგებლა და ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილე, შემდეგ ოსიმხენმა რეალური საგოლა შანსი ხელიდან გაუშვა.
საბოლოოდ მატჩის გმირი ოსიმხენი აღმოჩნდა, რომელიც მე-80 წუთზე სმოლინგს გაექცა და საჯარიმოში შესულმა მარჯვენა მახვილი კუთხიდან უძლიერესი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.
“ნაპოლიმ” 1986 წლის შემდეგ პირველად, როდესაც გუნდში ლეგენდარული დიეგო მარადონა თამაშობდა, ყველა ტურნირში ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო.
„ნაპოლი“ 29 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობს და მე-2 ადგილზე მყოფ „მილანს“ 3 ქულით ასწრებს.