ცეცაძემ “თელავს” პირველად მოაგებინა

0
56

“თელავის” მთავარ მწვრთნელად გია ცეცაძის დანიშვნის შემდეგ, გუნდმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი მატჩი მოიგო. 31-ე ტურში თელაველები “კავკასიონი არენაზე” მათსავით ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ “გაგრას” დაუპირისპირდნენ და 1:0 გაიმარჯვეს. შეხვედრაში ერთადერთუ გოლი მე-17 წუთზე გავიდა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან გიორგი კვერნაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა და გამოსვლაზე უკრაინელი მეკარე ოლექსანდრ ვორობეი შეცდა, ხოლო მასპინძლების კაპიტანმა ილი ბერიაშვილმა თავით გაიტანა.
“თელავი” 34 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, ხოლო გაგა კირკიტაძის გაწვრთნილი “გაგრა” 29 ქულით მეცხრეა.
გიორგი მიქაძის წყალტუბოს “სამგურალმა” ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიმარჯვა.
ამჯერად, წყალტუბოელებმა შინ ბოლნისის “სიონი” მინიმალური სხვაობით დაამარცხეს – 2:1. შეხვედრის 31-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან დავით ზურაბიანმა კუთხური ჩააწოდა და ლუკა ასათიანმა თავით ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა -0:1.
68-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ილია ახვლედიანმა ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიცილა, მაგრამ არ დაარტყა და საგოლე გადაცემა ირაკლი რუხაძეს გაუკეთა, რომელმაც თანაგუნდელი არ დააღალატა – 1:1.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე რუხაძემ პენალტი გამოიყენა და ზედიზედ მეორე მატჩში დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 13 გოლია და ჩემპიონატი საუკეთესო ბომარდირთა დავაში მხოლოდ ბათუმის “დინამოს” ბრაზილიელ ფორვარდ ჯოვინო ფლამარიონს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 16 ბურთია.
“სამგურალი” 51 ქულით მე-3 ადგილზეა და მე-4 პოზიციაზე მყოფ “დილას” 6 ქულით ასწრებს. “სიონი” 30 ქულით მერვეა.