„დინამომ“ ბოლნისში მოიგო, ტაბატაძის ულამაზესი გოლით „საბურთალომ“ არ წააგო

0
22

თბილისის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წაუგებელი სერია 11 მატჩამდე გაზარდა – 10 გამარჯვება და ერთი ფრე. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სერიის ფარგლებში მე-10 თამაში ბოლნისში „თამაზ სტეფანიაზე“ ადგილობრივ „სიონთან“ ორბურთიანი სხვაობით მოიგო.
პირველი ტაიმის შუაწელში ნიკა ხორხელი მეტოქის საჯარიმოში ერთ მცველს გაექცა და მახვილი კუთხიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ლუკა კუტალაძემ სტუმრები გოლის გაშვებისგან გადაარჩინა. 36-ე წუთზე მასპინძლების მცველმა ივა გელაშვილმა აკრძალური ილეთით თორნიკე კირკიტაძე შეაჩერა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა და ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს. საჯარიმო დარტყმა გიორგი კუციამ შეასრულა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
„დინამომ“ ანგარიში 73-ე წუთზე გახსნა, როდესაც ბელარუსმა დმიტრი ანტილევსკის დროულად გადააწოდა ბურთი ბოლნისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ გაბრიელ სიგუაა, რომლის პასის მერე კართან ახლოს მდგომ დავით სხირტლაძეს გატანა არ გაუჭირდა.
ამის შემდეგ, თბილისელთა დაწინაურება ორჯერ გიორგი გაბედავას შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან მისი სახიფათო დარტყმა ლევან ისიანმა გაანეიტრალა. თუმცა, 85-ე წუთზე გაბედავამ მესამე ცდაზე მეტოქის კარი მაინც აიღო, როდესაც კონტრშეტევის დროს საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა დაარტყა და ისიანი შეცდომის მერე ბურთი კარში აღმოჩნდა – 0:2.
30 ტურის მერე, „დინამო“ 66 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო უჩა სოსიაშვილის დამოძღვრილ „სიონს“ 30 ქულა აქვს და მე-8.
ქუთიასის „ტორპედომ“ ზესტაფონში თბილისის „საბურთალო“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
39-ე წუთზე გიული მანჯგალაძემ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და მეტოქის საჯარიმოში ჩასულმა ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ლევან ნონიკაშვილმა ბურთი იური ტაბატაძეს დაუგორა, რომელმაც დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა და როინ კვასხვაძეს შანსი არ დაუტოვა – „საბურთალოს“თავდამსხმელს თავისუფლად ექნება პრეტენზია მიმდინარე სეზონის საუკეთესო გოლის ავტორობაზე.
კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა „ტორპედომ“ ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ ვერ მოიგო და 45 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო თემურ  შალამბერიძის „საბურთალომ“ მიჯრით მე-5 თამაში (4 გამარჯვება და 1 ფრე) არ წააგო და 44 ქულით მეექვსეა.