ფუტსალისტთა ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევი გამარჯვებით დაიწყო

0
39

საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ძირითადი რაუნდის მე-2 ჯგუფში ბელგიას „თბილისი არენაზე“ უმასპინძლა და 4:2 მოიგო.
პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა კუთხური ჩაააწოდეს და ვილიანის დარტყმის შემდეგ ბურთი კარის წინ მდგომ ბინიოს მოხვდა რის შემდეგ ანგარიში გაიხსნა – 1:0.
მეორე ტაიმის სტარტზე ბელგიელთა შეტევის დროს გაბრიელ დანჯელოს გადაცემის შემდეგ ომარ რაჰომ ორიგინალური დარტყმით საპასუხო ბურთი გაიტანა.
25-ე წუთზე, როდესაც ბელგიელები მეკარის გაძევების გამო უმცირესობაში იყვნენ, შაგინიას პასის მერე, ფერნანდომ საქართველოს ნაკრებში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. ანგარიშის გაზრდიდან ცოტა ხანში რონინიომ სტუმართა დაცვის შეცდომით ისარგებლა და მესამე გოლი გაიტანა – 3:1.
მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ბელგიელებმა კუთხური ჩააწოდეს და ელ ფაიკმა ბურთი მიწაზე დაუშვებლად ძლიერი დარტყმით მასპინძლების კარში გადაგზავნა.
შეხვედრის მიწურულს, როდესაც ბელგიელთა მეკარეც კი შეტევაში იყო წასული. თალესმა თავისი ნახევრიდან ცარიელ კარში გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2. აქვე გეტყვით, რომ ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილ გუნდში 7 ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა ითამაშა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში მე-2 მატჩს სტუმრად ავსტრიასთან 12 ოქტომბერს ჩაატარებს და ამის შემდეგ, შესარჩევი ციკლის ძირითადი რაუნდის შეხვედრები 2023 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
ძირითადი რაუნდიდან ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.  2024 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 7 ევროპული ნაკრები ითამაშებს.
მატჩის ოქმი – საქართველო 4:2 ბელგია