გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში გოლი ჯერჯერობით ისევ ვერ გაიტანა. აპოელი, რომელშიც მასთან ერთად ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი და მცველი ლაშა დვალი გამოდიან, კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში შინ „კარმიოტისას“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0.
საქათველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი და აპოელის კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა, 69-ე წუთზე შეცვალეს. დაუშვილი განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ ისევ არ ათამაშეს, ხოლო დვალი კვლავ ტრავმირებულია. აპოელი 9 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
„ფეჰერვარმა“ უნგრეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში შინ „ზალაეგერსეგი“ მიიღო და მატჩი 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე სასტარტოში ისევ ვერ მოხვდა და მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა. მასპინძლებმა საკუთარ კარში ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე გაუშვეს. „ფეჰერვარი“ 11 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 პოზიციაზეა.
„ჟილ ვისენტემ“ პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-9 ტურში „ეშტორილი“ მიიღო და 0:1 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია სასტარტოში ვერც ამჯერად მოხვდა და თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრებმა გამარჯვების გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე გაიტანა. „ჟილ ვისენტე“ 9 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 პოზიციაზეა.





