„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეორედ მოიგო – აქტიური კვარაცხელია ამჯერად უგოლოდ

0
36

„ნაპოლიმ“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, იტალიის სერია A-ში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ნეაპოლელებმა „სპეციას“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 67 წუთი გაატარა. მას შეხვედრამდე იტალიის ჩემპიონატში აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს.
კვარაცხელია მატჩის დებიუტშივე აქტიურობდა და მას მერე რაც მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწია, გზად ორი მცველი ჩამოიცილა კარში დაარტყა, თუმცა მეტოქის ფეხბურთელები გადაეღობნენ.
ამის შემდეგ თანაგუნდელმა კვარაცხელია „სპეციას“ საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ქართველს კარი დრაფოვსკიმ არ დაანება. ტაიმის შუაწელში კვარაცხელიამ ცრუ მოძრაობებით სტუმართა საჯარიმოში ორი მცველი „გააბრუა“ და ახლო კუთხეში დაარტყა – დრაგოვსკიმ ისევ იყოჩაღა.
67-ე წუთზე კვარაცხელია არგენტინელმა ჯოვანი სიმეონემ შეცვალა, ხოლო ნეაპოლელებიდან გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე რასპადორიმ გაიტანა.
„ნაპოლი“ 14 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველია.