კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ წაუგებელი მატჩების სერია შვიდამდე (6 გამარჯვება, ერთი ფრე) გაზარდა. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად ბოლნისის „სიონს“ შეხვდა და 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 58-ე წუთზე ტორპედოელთა კონტრშეტევის დროს მასპინძლების საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა გიორგი არაბიძემ კარის გასწვრივ ჩააწოდა ბურთი, რომელიც ირაკლი ბუღრიძემ ზუსტად დაარტყა – 0:1.
ათ წუთში არაბიძემ და მაურო კაბალიერომ „სიონის“ საჯარიმოსთან საუცხოო კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც პარაგვაელმა მარცხენა ფეხით „ცხრიანში“ ეფექტური დარტყმით დაასრულა – 0:2.
77-ე წუთზე ანატოლი მესიაჩენკოსა და ლევან ახვლედიანს შორის შეხლა-შემოხლა ორივე ფეხბურთელის გაძევებით დასრულდა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ვაჟა ტაბატაძემ დაახლოებით 22 მეტრიდან დაარტყა და ლევან ისიანის უხეში შეცდომის მერე ბურთი კარში აღმოჩნდა – 0:3.
„ტორპედოს“ ზედიზედ სამი თამაშის მოგების მერე 40 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით „სიონმა“ 27 ქულა დააგროვა და მერვეა.
თემურ შალამბერიძის „საბურთალოში“ დაბრუნება იღბლიანი აღმოჩნდა. თბილისელებმა თანაქალაქელი „ლოკომოტივი“ რუსთავში ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში მიიღეს და 5:1 გაანადგურეს.
შეხვედრის მე-11 წუთზე ანგარიში სტუმრებიდან ბიძინა მახარობლიძემ გახსნა, ხოლო მე-14 წუთზე გურამ გოშთელიანის პასით საპასუხო ბურთი შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა. 21-ე წუთზე თავი უკვე გოშთელიანმა გამოიჩინა, რომელსაც ასისტენტობა საბა მამაცაშვილმა გაუწია. 43-ე წუთზე გოშთელიანმა მეორე შედეგიანი პასი მიითვალა – ამჯერად ლევან ნონიკაშვილმა გაიტანა. 54-ე წუთზე იმავე გოშთელიანის პასს იური ტაბატაძის გოლი მოჰყვა, 59-ე წუთზე კი, გოშთელიანმა დუბლი შეასრულა.
„საბურთალომ“ 5-მატჩიანი (4 წაგება და 1 ფრე) წარუმატებელი სერია შეწყვიტა და 34 ქულით მეექვსეა, ხოლო ნიდერლანდელი ჯონ ვან ლუნის დამოძღვრილი „ლოკომოტივი“ 5 ქულით ბოლოა.





