„რეალმა“ გლაზგოში გამარჯვებით დაიწყო – ბენზემას ტრავმა, აზარის მე-200 გოლი

0
56

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა მადრიდის „რეალმა“ ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად გლაზგოს „სელტიკს“ დაუპირისპირდა და 3 უპასუხო ბურთი გაუტანა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და ანგარიშის გახსნა „სელტიკს“ შეეძლო, რომლის ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა. 30-ე წუთზე „რეალის“ კაპიტანი ქარიმ ბენზემა შეცვალეს, რომელმაც კუნთი დაიზიანა და ანჩელოტის თქმით სერიოზული არაფერია. მის ნაცვლად მოედანზე ედენ აზარი გამოვიდა.
„რეალმა“ პირველი გოლი 56-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ვალვერდემ მარჯვენა ფლანგზე ქუსლით საუცხოო პასი აზარს მისცა და მას მერე რაც ბელგიელისგან ბურთი ისევ მიიღო, იდეალური გადაცემა გაუკეთა „სელტიკის“ საჯარიმოში მყოფ ვინისიუს ჟუნიორს, რომელმაც ზუსტად დაარტყა.
მე-60 წუთზე მოდრიჩმა შოტლანდიელების საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიცილა და თავის სტილში გარე ტერფით ბურთი კარში გადაგზავნა.
77-ე წუთზე „რეალის“ კარგი კომბინაცია ეზერმა დააგვირგვინა, რომელმაც მადრიდელთა შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაში გოლი 2020 წლის შემდეგ პირველად გაიტანა, ხოლო კარიერაში მეტოქეთა კარი მეორასედ აიღო.
F ჯგუფის მეორე მატჩში დონეცკის „შახტარმა“ სტუმრად „ლაიფციგს“ 4:1 სძლია.