კვარაცხელია ამჯერად უგოლოდ

0
32

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს ზედიზედ მესამე მატჩში გოლი ვერ გაიტანა. „ნაპოლი“, რომლის საუკეთესო ბომბარდირი ჯერჯერობით საქართველოს ნაკრების ფორვარდია, სტუმრად ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდა და მიმდინარე სეზონში პირველი ფრე ითამაშა – 0:0.
მასპინძლებმა საწყისი 30 წუთი განმავლობაში მოედნის ფაქტობრივად ნებისმიერ მონაკვეთზე მეტოქეს პრესინგი შესთავაზეს და ნეაპოლელებს შეტევის ორგანიზება ძალიან უჭირდათ. ერთადერთი კვარაცხელია ახერხებდა მეტ-ნაკლებად შეტევაში ბურთის შენარჩუნებას, რომელსაც დონეცკის „შახტარის“ ექსმცველი ძალიან სწრაფი დოდო მჭიდროდ მეურვეობა და ქართველს მასთან გამკლავება გაუძნელდა.
პირველი ტაიმის მიწურულს „ნაპოლიმ“ თამაში გამოასწორა და ოსიმენმა გოლიც გაიტანა, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა, რადგან ნიგერიელზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
მეორე ტაიმში „ნაპოლიმ“ ყველაზე რეალური საგოლე მომენტი კვარაცხელიას წყალობით შექმნა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან თავზე ბურთი დაასვა მეტოქის საჯარიმოში შორეულ ძელთან გახსნილ ირვინ ლოსანოს. ამ უკანასკნელმა კი ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა.
კვარაცხელია მე-60 წუთზე შეცვალეს და მის მაგივრად ტრადიციულად თამაშში მაკედონიელი ელმასი ჩაერთო, რომელსაც ქართველზე უკეთესი შთაბეჭდრილება არ დაუტოვებია.
„ნაპოლი“ 7 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ისევ პირველ ადგილზეა, ხოლო კვარაცხელია 3 გოლით და 2 საგოლე პასით იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.