კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ წყალტუბოს „სამგურალმა“ ჯერ თამაში ვერ მოიგო. 23-ე ტურში გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ თავის მოედანზე ითამაშა და „გაგრასთან“ მხოლოდ ქულა აიღო.
არადა, მატჩის დასაწყისიდან გამომდინარე რთული სავარაუდო იყო, რომ მასპინძლები სამ ქულას ვერ აიღებდნენ. მე-6 წუთზე „სამგურალის“ კონტრშეტევის დროს ჯეფერსონ კერალდომ მარჯვენა ფლანგზე ილია ახვლედიანი მოძებნა, რომელმაც საჯარიმოში შეჭრილ ბრაზილიელს ბურთი დაუბრუნა და ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0.
მე-13 წუთზე უკვე ჯეფერსონ ჯერალდომ მარცხენა ფლანგიდან გარე ტერფით „მოჭრილი“ პასი გაუკეთა სტუმართა საჯარიმოში ახვლედიანს, რომელმაც მარჯვენა მახვილი კუთხიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა – 2:0,
მე-20 წუთზე გაგრელთა კონტრშეტევის დროს ოთარ ფარულევას დარტყმის შემდეგ, გადმოვარდნილი ბურთი მეტოქის კარის წინ მყოფმა თემურ შონიამ თავით ზუსტად დაარტყა – 2:1.
77-ე წუთზე ფარულავამ პასი მასპინძლების საჯარიმოში გახსნილ შონიას არ დაუგვიანა, რომელიც ქუსლით აპირებდა გიორგი გვიშიანისთვის ასისტენტობის გაწევას და მართალია ფეხი ვერ მოარტყა ბურთს, რომელმაც ადრესატამდე მაინც მიაღწია, ხოლო გაგრელთა ნახევარმცველმა ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
„სამგურალმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა ფრედ დაასრულა და 34 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა, ხოლო გაგა კირკიტაძის გაწვრთნილმა მიჯრით სამი შეხვედრა (ერთი მოგება, 2 ფრე) არ წააგო და 24 ქულით მეცხრეა.





