ვრობასკეტი 2022 – წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკალათბურთო ღონისძიებაა, როგორც მონაწილე ქვეყნების სპორტული მიღწევების, ასევე, ქვეყნის, როგორც მასპინძლისა და ორგანიზატორის საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსის თვალსაზრისით. საქართველომ ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება იტალიასთან (მილანი), გერმანიასთან (კიოლნი, ბერლინი) და ჩეხეთთთან (პრაღა) ერთად 2019 წელს მოიპოვა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ, ევროპის სპორტული საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოხატულებაა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, თბილისი მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და საკალათბურთო რეიტინგის მოწინავე ნაკრები გუნდების მასპინძლობით. თბილისს ეწვევიან უმაღლესი რანგისა და მნიშვნელობის სტუმრები და გულშემატკივრები, რაც ჩვენი ქვეყნის სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ქართულ კალათბურთს წელს 100 წელი უსრულდება. ევრობასკეტი 2022 – ის მასპინძლობას კი სპორტის ეს სახეობა ახალ საფეხურზე გადაჰყავს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევრობასკეტი 2022 – ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა.
საკოლექციო მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის ავერსის ესკიზი – ალექსანდრე ვერულაშვილმა, ხოლო რევერსის ესკიზი – სოფიო წიქარიძემ მოამზადეს. მონეტა ბადენ-ვიურტემბერგის (გერმანია) სახელმწიფო ზარაფხანაში 5000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 70 ლარია.
ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს, გაითვალისწინოს ნუმიზმატების, კოლექციონერების და სხვა დაინტერესებული მხარეების სურვილები და რეკომენდაციები და ზრუნავს, გააუმჯობესოს საკოლექციო მონეტების რეალიზაციის პირობები. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა წინასწარი შეკვეთების პრაქტიკა 2021 წელს დაიწყო და ევრობასკეტი 2022 იყო პირველი საკოლექციო მონეტა, რომელიც წინასწარი შეკვეთით გაიყიდა.



