ინგლისის პრემიერ ლიგის 32-ე ტურში ერთამანეთს ჩემპიონობის ორი პრეტენდენტი „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდნენ. მანჩესტერში გამართულ შეხვედრას მასპინძლები 2-ჯერ იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღეს – 2:2.
მატჩის მე-5 წუთზე ბერნარდუ სილვას გადაცემის შემდეგ ანგარიში კევინ დე ბრუინმა გახსნა. 8 წუთში ლივერპულელმა დიოგო ჟოტამ საპასუხო ბურთი გაიტანა – მას ასისტენტობა ალექსანდერ-არნოლდმა გაუწია. 37-ე წუთზე ჟოაუ კანსელუს პასის მერე გაბრიელ ჟესუსმა „სიტი“ ისევ წინ გაიყვანა. 46-ე წუთზე სადიო მანემ მანჩესტერელთა კარი აიღო და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა – საგოლე პასი თავის ანგარიშზე მოჰამედ სალაჰმა ჩაიწერა.
„სიტის“ ყველა ტურნირში ზედიზედ 9 თამაშია არ წაუგია. „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგაში 10-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, ხოლო ყველა ტურნირში იურგენ კლოპის გუნდი მიჯრით 18 შეხვედრაში არ დამარცხებულა.
პეპ გვარდიოლამ და კლოპმა სამწვრთნელო კარიერაში ერთმანეთთან 23-ედ ითამაშეს. მათ ანგარიშზე 9-9 გამარჯვება და 5 ფრე. გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდებმა 43 გოლი გაიტანეს, ხოლო კლოპის – 39.
„ლივერპულმა“ პრემიერ ლიგაში „სიტის“ ზედიზედ 5 თამაში ვერ მოუგო – 3 ფრე და 2 მარცხი.
მანჩსეტერელები 74 ქულით 20-გუნდიან პრემიერ ლიგას ლიდერობენ, ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფ „ლივერპულს“ 73 ქულა აქვს.





