გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის გათამაშების A ლიგის მე-2 ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ბერლინში ნიდერლანდების 5:0 განადგურებას დაუჯერებელი შედეგი უწოდა.
„ეს დაუჯერებელი შედეგი იყო ძალიან რთულ მატჩში. ჩვენი ორი საუცხოო სათამაშო ფორმაში მყოფი გუნდი ვნახეთ, რომლებსაც ერთმანეთისთვის პრობლემების შექმნა სურდათ, რაც ნიდერლანდებმა პირველ ტაიმში მოახერხა.
ჩვენ რამდენიმე დაუჯერებელი გოლი გავიტანეთ და მშვენიერი თამაში ვაჩვენეთ ფანტასტიკური გულშემატკივრების თვალწინ. ამ გუნდთან მუშაობა ძალიან სამხიარულოა და ვგრძნობთ, რომ მოთამაშეთა განსაკუთრებული ჯგუფი გვყავს. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია – ექვსი მატჩის შემდეგ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე იმას მივაღწიეთ, რაც გვსურს, რადგან კიდევ ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ“ – იუწყება კლოპის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
განვლილი მატჩის 41-ე წუთზე ანგარიში შერჰანტმა გახსნა, რომელიც მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და ბურთი შორეულ „ცხრიანში“ გაახვია. მე-60 წუთზე ვირცმა სტუმართა საჯარიმოს წინ ერთი მეტოქე ჩამოიცილა და მარცხენა ფეხით ეფექტური გოლი შეაგდო. 65-ე წუთზე გრუდამ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი ნიდერლანდელთა კართან ჩაჰკიდა და შლოტერბერგმა ვარდნაში თავით გაიტანა. 71-ე წუთზე მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა გრუდამ პასი ვირცს გაუკეთა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა. 77-ე წუთზე ნიდერლანდების კარი გრუდამ აიღო და გერმანიამ 11 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ამდენივე ქულით მეორე პოზიციაზე ნიდერლანდები გავიდა. ორივე გუნდი მომავალ წელს ერთა ლიგის 1/4-ფინალში ითამაშებს.
ცნობისთვის, ნიდერლანდებმა 1959 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო – მაშინ, გერმანიისგან 7 უპასუხო ბურთი გაუშვა. თუმცა, ოფიციალურ ტურნირებში ერთ მატჩში 5 უპასუხო გოლი „ნარინჯისფრებმა“ პირველად გაუშვეს.
ლაშა თაბაგარი





