ესპანეთის წაუგებელი სერია ინგლისმა შეწყვიტა

0
2

მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის ესპანეთის ეროვნული ნაკრების 43-მატჩიანი წაუგებელი (ძირითად დროში“ წაუგებელი სერია დასრულდა. ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების A ლიგის მე-3 ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში, ლუის დე ლა ფუენტეს გაწვრთნილები მადრიდში „მეტროპოლიტანოზე“ ინგლისთან 2:3 დამარცხდნენ.
გერმანელი თომას ტუხელის გაწვრთნილმა თავიდანვე მაღალი პრესინგი შესთავაზეს მეტოქეს და უპირატესობას დაეუფლნენ. ინგლისელებმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე ჰარი კეინი მასპინძლების საჯარიმოში კუბარსის გაექცა, რომელმაც წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. „ოქროს ბურთის“ მფლობელმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.
ინგლისელები უპირატესობას მეორე ტაიმშიც ფლობდნენ და 53-ე წუთზე დეკლან რაისის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, კონსამ თავით ანგარიშში სხვაობა გაზარდა – ამ ეპიზოდში ესპანელთა დაცვა აშკარად „ჩავარდა“. 57-ე წუთზე ინგლისმა კარგი კომბინაცია გაითამაშა და ჯუდ ბელინგემის პასის მერე, ბენ ვაითმა ესპანელები დაამწუხრა.
63-ე წუთზე ანდერსონმა თავის საჯარიმოში ლამინ იამალი წააქცია და მსაჯმა პენალტის დადებასთან ერთად, ინგლისელი ნახევარმცველი გააძევა. ოიარსაბალმა ერთი ბურთი გაქვითა. 75-ე წუთზე მასპინძლების კონტრშეტევის დროს იამალმა მეკარესთან პირისპირ შეცვლაზე შესული ნიკო უილიამსი დატოვა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. დარჩენილ დროში ესპანეთი დომინირებდა, მაგრამ ვეღარ გაიტანა, რადგან ინგლისელთა მეკარე ტრაფორდმა საუცხოოდ ითამაშა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. ზედიზედ 12 მატჩის მოგების მერე, ესპანეთმა წააგო და ჯგუფში 15 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ამდენივე ქულით პირველ პოზიციაზე ინგლისი გავიდა. ორივე გუნდი მომავალი წლის გაზაფხულზე ერთა ლიგის 1/4-ფინალში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი