თბილისის “იბერიას” მთავარი მწვრთნელის ლევან კორღალიძის თქმით, გუნდის ვალია კონფერენს ლიგის ფაზაზე ღირსეულად გამოვიდეს, რადგან საქართველოს წარმოადგენა. მან ამის შესახებ კონფერენს ლიგის მე-3 ტურში სტუმრად დანიის “კოპენჰაგენთან” გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსც “იბერიას” კაპიტანი გიორგი ჯინჯოლავაც დაესწრო.
ლევან კორღალიძე: “ჩვენ კონფერენსლიგაზე დებიუტანტები ვართ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრებში მივიღებთ გამოცდილებას, თუ როგორ ვითამაშოთ მაღალი კლასის ევროპული ჩემპიონატების გუნდების წინააღმდეგ, როგორ ავყვეთ ამ ტემპს.
ჩვენ ვმუშაობთ საიმისოდ, რომ “იბერიას” ფეხბურთელებს არ ჰქონდეთ წნეხი – გავიდნენ მოედანზე და ლაღად, თავისუფლად ითამაშონ. საქართველოს წარმოვადგენთ და ჩვენი ვალია ღირსეულად გამოვიდეთ”.
გიორგი ჯინჯოლავა: “კუნთის მცირე ტრავმა მქონდა, მაგრამ თამაშისთვის მზად ვარ. ვეცდები, კარგი მატჩი ჩავატარო. ფსიქოლოგიურად პირველი ტური ყოველთვის შედარებით რთული სათამაშოა და ეს “სენტ-ტრუიდენთან” ჩვენი თამაშის ხარისხზეც აისახა.
მეორე შეხვედრა შედარებით უკეთესი იყო და მიმაჩნია, რომ უნდა მოგვეგო, მაგრამ ბოლო წუთზე დასანანი გოლი მივიღეთ. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჩემი აზრით მატჩიდან მატჩამდე ფსიქოლოგიურად უკეთ ვართ და გუნდი პროგრესირებს.
წინა ორ თამაშთან შედარებით, “კოპენჰაგენთან” უფრო რთულ შეხვედრას ველით. კარგი გუნდია, განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა აქაურ ატმოსფეროს და სტადიონს. ვიცით, რომ დიდი ხანია, საშინაო კედლებში თამაში არ წაუგია. ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, მატჩი ჩვენთვის დადებითი შედეგით დასრულდეს”.
“კოპენჰაგენისა” და “იბერიას” დაპირისპირება საქართველოს დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.





