პსჟ კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

0
1

პსჟ-ს ხელმძღვანელებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს, რის შესახებ ფრანგი ჟურნალისტი ფაბრის ჰოკინსი იუწყება.
პსჟ 25 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების დადებას 2032 წლის ივნისამდე აპირებს გაუმჯობესებული პირობებით. მათ ამ ნაბიჯის გადადგმა მას მერე გადაწყვიტეს, რაც გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაზაში შინ „ბარსელონასთან“ 4:2 მოგებულ მატჩში მიღებული მუხლის ჯვარედინი მყესის ტრავმის გამო კვარაცხელია გუნდს დიდი ხნით გამოაკლდება.
ასეთი ჟესტით კლუბის მესვეურებმა გადაწყვიტეს ფეხბურთელისთვის მაქსიმალური ნდობა გამოეცხადებინათ და ფსიქოლოგიურად მხარი დაეჭირათ მკურნალობის პროცესში. ხვიჩა მარჯვენა მუხლზე ოპერაციას უახლოეს ხანში გაიკეთებს და წინასწარი ინფორმაციით 7-9 თვე ვერ ითამაშებს.
პსჟ-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში „ნაპოლიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 91 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩამ პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ის გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. იგი „ნაპოლის“ მაისურით 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთსო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა Forbes-ს მიხედვით საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი პსჟ-ში წელიწადში 21 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და კლუბში ანაზღაურებით მხოლოდ უსმან დემბელეს ჩამორჩება. კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, მისი შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება. კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის ზედიზედ მესამედ მოხვდა.
ლაშა თაბაგარი