მსოფლიო თასზე ქუთაისის აკადემიის 15-წლამდელები იასპარეზებენ

0
1

22-30 ოქტომბერს, ბაქო, საინაუგურაციო ფიფას 15-წლამდელთა მსოფლიო თასს და ფესტივალს უმასპინძლებს. ახალი ტურნირის ჩატარება, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 2025 წლის დეკემბერში დააანონსა.
საქართველოს, აღნიშნულ ტურნირზე ფიფას აკადემიების პროექტში ჩართული სფფ-ის ქუთაისის აკადემიის 15-წლამდელთა გუნდი წარმოადგენს, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპის AC ჯგუფში – პოლონეთის, ბრიტანული ვირჯინის კუნძულების, ბერმუდას, ნამიბიის და სან-ტომე და პრინსიპის გუნდებს დაუპირისპირდება.
საკვალიფიკაციო ჯგუფები, გეოგრაფიული და სპორტული მრავალფეროვნების პრინციპით დაკომპლექტდა და ჯგუფის ბოლო შესაბამის პოზიციაზე მყოფი გუნდი, მეორე რაუნდში ასპარეზობას შესაბამისი საფეხურის ჯგუფში განაგრძობს. ტურნირის ბოლოს A, B, C, D, F, E საფეხურის გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან, თუმცა მხოლოდ A საფეხურის პირველადგილოსანი გახდება მსოფლიოს ჩემპიონი.
ტურნირის ფორმატი, რომელშიც ფიფას ექვსი კონფედერაციიდან, 189 წევრი ქვეყანა მონაწილეობს, განსხვავებულია: 20-წუთიანი ტაიმები, სტანდარტულთან შედარებით მცირე (68 × 47) ზომის მოედნებზე გაიმართება და თითო გუნდი, მინდორზე 8 მოთამაშით იქნება წარმოდგენილი.
ფიფას განმარტებით 2027 წლის ტურნირი იგივე პრინციპით გოგონათა შორის გაიმართება, ხოლო 2028 წლის ვერსია გოგონათა და ვაჟთა ტურნირებს მოიცავს.
ლაშა თაბაგარი