გოგა ბითაძის საუკეთთესო მატჩი მიმდინარე საგამოფენო მატჩებში. ნბა-ს წინასასეზონო ეტაპზე ბითაძის “ორლანდო მეჯიქმა” „კლივლენდ კავალიერსი“ მიიღო და მეტოქე უხვქულიან ბრძოლაში 132:116 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. ბითაძემ პარკეტზე დათმობილ 19 წუთში საკმაოდ პროდუქტიული თამაში აჩვენა და საკუთარ გუნდს 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაახმარა. ჩვენებური შეტევაშიც მაღალი ეფექტურობით გამოირჩა — 7-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. პასივში მას მხოლოდ 1 დაკარგვა და 5 პერსონალური შენიშვნა ჰქონდა.
„მეჯიქის“ შემადგენლობაში ქართველ გოლიათზე მეტი ქულა მხოლოდ სამმა კალათბურთელმა დააგროვა: პაოლო ბანკერომ (24), ფრანც ვაგნერმა (20) და ტრისტან და სილვამ (18). რაც შეეხება ოჰაიოელებს, „კავალიერსს“ მალეეკ ტომასმა (16), დონოვან მიტჩელმა (15), ევან მობლიმა (14) და ჯეიმს ჰარდენმა (13) ულიდერეს.
აღსანიშნავია, რომ გოგას სათამაშო დროის გაზრდა ნაწილობრივ იმამაც განაპირობა, რომ ამჯერად განაცხადში მყოფ სათადარიგო ცენტრს, ნიკოლა ვუჩევიჩს პარკეტზე საერთოდ არ დაუდგამს ფეხი. ხოლო სასტარტო ხუთეულის ნომერმა პირველმა, ვენდელ კარტერმა მოედანზე გატარებულ 22 წუთში 7 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.
„ორლანდო მეჯიქი“ მოსამზადებელ ციკლს 17 ოქტომბერს, „მაიამი ჰითთან“ საგამოფენო პაექრობით დასვამს წერტილს. NBA-ს ოფიციალურ რეგულარულ ჩემპიონატში კი ფლორიდელები 22 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან, სადაც სეზონს „ატლანტა ჰოუქსთან“ შეხვედრით გახსნიან.





