ბათუმის „დინამო“ გალიდერდა

0
1

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში შედგა, სადაც გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა ადგილობრივმა „დინამომ“ თემურ ქეცბაიას დამოძღვრილ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა. საინტერესო დაპირისპირებას ბათუმის სტადიონზე იმდენი გულშემატკივარი დაესწრო, რამდენიც მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის არცერთ თამაშზე ყოფილა.
პირველი ტაიმის უმეტესი დრო მოედანზე მოვლენები არცთუ საინტერესოდ ვითარდებოდა, მაგრამ შესვენებამდე გოლი მაინც გავიდა. ნიდერლანდელმა იმრანმა ზუსტი პასი გაუკეთა თბილისელთა კარის წინ გახსნილ ბრაზილიელ მაურიდესს, რომელიც ნიკა უგრეხელიძეს დაუსხლტა და ერთი შეხებით ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა.
შესვენებაზე ბათუმელთა რიგებში ნახევარმცველი გურამ ჯაფარიძე ისრაელის წარმომადგენელმა ეშეტიემ შეცვალა, რომელიც თამაშში ძალიან აქტიურად ჩაერთო და მეორე ტაიმის შუაწელამდე თავის გამოჩენა სამჯერ შეეძლო. თუმცა, ერთხელ სტუმრები ბრაზილიელმა მეკარე ლუკას ფლორესმა გადაარჩინა, ხოლო ორ შემთხვევაში ებრაელმა ხელსაყრელი პოზიციიდან არაზისტად დაარტყა.
ამის შემდეგ, „დინამომაც“ მოუმატა და ლეუნარდულ სანტუშმა გოლიც გაიტანა, რომელიც არ ჩაითვალა, რადგან ბრაზილიელი მცველი თამაშგარეში იყო. შეხვედრის მიწურულს ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ტეიშეირა დო კოუტუ მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარე ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ნიგერიელმა გბომადუმს ბათუმელთა საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და მასპინძლები ისევ ყალიჩავამ გადაარჩინა.
ამ გამარჯვების წყალობით ბათუმელებმა 50 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. თბილისელები 48 ქულით მე-4 პოზიციაზე არიან და თითო ქულით ჩამორჩებიან შესაბამისად მეორე-მესამე ადგილზე მყოფ „რუსთავს“ და „იბერიას“.
ლაშა თაბაგარი