კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის პირველი სათამაშო დღის ბოლოს შეხვედრაში „მიხეილ მესხი 2“-ზე თბილისის „სპაერმა“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 3:3.
მატჩის მე-6 წუთზე „სპაერის“ კარგი კომბინაცია საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა განელმა ფორვარდმა ბილი ჯინრილმა დარტყმით დაასრულა და გვერდით ძელს მოხვდა ბურთი, რომელსაც ლაშა კოხრეიძემ ცარიელ კარში ადგილი მიუჩინა.
38-ე წუთზე ფრანგმა ვირჟილ პინსონმა ბურთი თბილისელთა ნახევარზე მიიღო და მარცხნიდან პასი კარის წინ გახსნილ სერბ კომნენ ანდრიჩს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა.
45-ე წუთზე გიორგი არაბიძემ „სპაერის“ საჯარიმოს ხაზიდან კარის მიმართულებით გაგზავნა ბურთი, რომელსაც ანდრიჩმა თავი დაახვედრა და „ტორპედო“ დააწინაურა.
81-ე წუთზე ზურაბ გოლუბიანმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა – ქუთაისელთა მეკარე ოთო გოშაძე არც განძრეულა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე გიორგი ცეცხლაძე თავის საჯარიმოში გიორგი არაბიძეს ეუხეშა და მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. არაბიძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
დარჩენილ დროში „სპაერმა“ ქულა მაინც გადაარჩინა, როდესაც მეტოქის ნახევარზე მყოფმა გოჩა ცირდავამ ქუთაისელთა კარის წინ გახსნილი გიორგი ბუნტურის მიმართულებით გააკეთა პასი, მაგრამ ბურთი არავის შეხებია და კარში ისე აღმოჩნდა.
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი „ტორპედო“ 37 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, ხოლო ანზორ კიღურაძის ხელმძღვანელობით „სპაერმა“ 26 ქულა დააგროვა და მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი




