შერმადინის 18 ქულა ლონდონში წაგებულ შეხვედრაში

0
3

ფიბას ევროთასის გათამაშებაში გიორგი შერმადინის „ლაგუნა ტენერიფემ“ მეორე შეხვედრა გამართა, სადაც ქართველი ცენტრის ბრწყინვალე გარჯის მიუხედავად, წარმატებას ვერ მიაღწია.
ევროტურნირის სასტარტო მატჩში თურქული „ტურკ ტელეკომის“ ძლევის (82:75) შემდეგ, ესპანური კლუბი ამჯერად დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს ეწვია, სადაც „ლონდონ ლაიონსთან“ ბრძოლაში 77:89 დათმო შეხვედრა.
ჩვენებური სასტარტო ხუთეულიდან ჩაერთო პაექრობაში და მოედანზე გამოყოფილ 18:15 წუთში უაღრესად ეფექტური გახლდათ. გამოცდილმა ქართველმა გოლიათმა საკუთარ გუნდს 18 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოუტანა. შერმადინმა შეტევაში იდეალური რეალიზაცია აჩვენა — შვიდივე ორქულიანი ზუსტად სტყორცნა, ხაზიდან კი 7-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. ამასთან, მან ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო, ხოლო მეტოქეები მის შეჩერებას წესების დარღვევით 5-ჯერ შეეცადნენ.
შესაბამისად, გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 ერთეულს მიაღწია, რაც ტენერიფელთა შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა. კანარიელთა რიგებში შერმადინს მხარი სენეგალელმა ფორვარდმა, ბამბა ტიჯანიმ აუბა, რომელმაც 16 ქულა მიითვალა.
ამ დროისთვის „ლაგუნა ტენერიფეს“ ევროთასის B ჯგუფში ბალანსი 1 მოგება და 1 წაგება აქვს, რაც სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას უზრუნველყოფს. საერთაშორისო ასპარეზზე მომდევნო გამოცდა გიოს გუნდს 14 ოქტომბერს ელის, როდესაც საკუთარ კედლებში იტალიურ „რომას“ დაუხვდება. მანამდე კი, 11 ოქტომბერს, შერმადინის კლუბი შიდა ჩემპიონატში ჩაერთვება და ლიგა ენდესას ეგიდით საგარეო მატჩს „მურსიასთან“ ითამაშებს.