გუშინდელი სიამაყე ხვალამდე ვერ გაგვყვება

0
3

გვარ(ებ)ს ყურადღება არ მიაქციოთ: თამაშს გვარ-სახელები ან ტიტულები კი არა – ფეხბურთელები და მწვრთნელები იგებენ.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ახლა სწორედ ეს სჭირდება: აქამდე მიღწეულისა თუ ნანახის დავიწყება. 13 მაისის, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის, სხვადასხვა თაობის უდიდეს ვარსკვლავებთან შედარება/დატოლებისგან გათავისუფლება…
ცხადია, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში დიდი მიღწევაც არის (ჩვენთვის) და საამაყოც, მაგრამ… ვითამაშეთ და დამთავრდა. როდემდე უნდა ვილაპარაკოთ მამარდას “სეივებზე”, ჟორჟის ბომბარდირობაზე, კვარას გოლსა თუ რონალდუსთან შეხვედრაზე, ლოჩოშვილის მოპოვებულ პენალტზე?! კარს კონტინენტის ახალი პირველობა მოგვდგომია. ტურნირი, რომელიც, დიდი ალბათობით, ჩვენს გარეშე ჩაივლის. ჰოდა, დროა – წარსულით თავის მოწონებას მოვეშვათ და დღევანდელ დღეზე, ხვალ გასაკეთებელ საქმეზე ვილაპარაკოთ. წინაზე კი არა, მომავალ ტურნირზე ვიფიქროთ.
გახსოვთ უნგრეთის “დიდი გუნდი”? ცხადია – უნგრელებს ჩვენზე უკეთ. ოღონდ, დომინიკ სობოსლაი წინაპრების გოლებს კი არ ითვლის. არც ფერენც პუშკაშის, შანდორ კოჩიშის, ან – იოჟეფ ბოჟიკის ტიტულებს. არა, დღეს გამოდის მათი სახელობის სტადიონზე და საფეხბურთო გაკვეთილს გვიტარებს…
მეც მოგიყვები პაიჭაძეზე, მესხზე, ყიფიანზე, ქინქლაძეზე. გერმანიის ქუჩებსა თუ სტადიონებზე ნანახ უამრავ ამაყ, ბედნიერ ქართველზე. ერთად ვიყავით, ისინი ორივემ ვნახეთ, მაგრამ…
გუშინდელი სიამაყე ხვალამდე ვერ გაგვყვება. შენ ის მითხარი – დღეს სად ხარ, როგორ თამაშობ, ვის ჯობნი! კი არ დამპირდე, რომ “ხვალ უკეთ ითამაშებ”, აქ და ახლა, საქმით დაამტკიცე რა შეგიძლია. წააგე, მაგრამ იბრძოლე, მოინდომე, ძველებური მოტივაცია და “ცეცხლი” დაგვანახე.
უნდა დავივიწყოთ წარსული, “მე”, ეგო. გუნდი უნდა ვიყოთ. ისეთივე მტკიცე, ერთიანი, მებრძოლი, როგორიც – გერმანიის სტადიონებსა თუ ქუჩებში ვიყავით.
ისეთი მწვრთნელით, რომელიც წაგებას ფეხბურთელების ფორმას, მოტივაციას, თვალებში ჩამქრალ ცეცხლს (თითქოს, ამ ცეცხლის გაღვივება მისი საქმეც არ იყოს!) კი არ დააბრალებს, თავის შეცდომებზე და მათი გამოსწორების გზებზეც ილაპარაკებს. აქამდე გაკეთებულზე კი არა – ხვალ გასაკეთებელზე…
შესავალი მეტისმეტად ემოციური გამოვიდა? ბელფასტში გასამართი მატჩის წინ, განვლილ მატჩებზე ბევრი საუბარი აზრს კარგავს (მით უმეტეს, როცა ფეხბურთელებს ვამუნათებ – წარსულზე მეტი, მომავალზე იფიქრეთ-მეთქი), მაგრამ გასულ კვირას გამართული ორი შეხვედრა მაინც უნდა ვახსენოთ. მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებმა ორივე შეხვედრა ახალი მთავარი მწვრთნელის თავკაცობით ჩაატარა.
ბოლო დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ვილი სანიოლთან განშორება ამ შესარჩევი ციკლის დაწყებამდე იყო საჭირო. არა მგონია, რომ თუნდაც რამდენიმე თვით ადრე დანიშნული რამაზ სვანაძე ამ სამ მატჩში 9 ქულას აიღებდა (საქართველოს ნაკრების წარუმატებლობა ხომ მხოლოდ მწვრთნელ(ებ)ის ბრალი არ არის!) თუმცა, საშინაო მარცხის შემდეგ მოულოდნელად, “შუა გზაზე” მწვრთნელის ცვლილება, ფეხბურთელებისა და ნაკრების ახალი თავკაცისთვის, რბილად რომ ვთქვათ – რთული საქმეა.
რამაზ სვანაძემ ცვლილებები სცადა. თუმცა, უკრაინასთან თამაშს ეტყობოდა (და ეს არც მწვრთნელს დაუმალავს), რომ მისთვის პირველ მატჩში, “მთავარი პოზიტივი იყო”, ანუ – არწაგება. მოგების დიდი სურვილი არც უკრაინის ნაკრებს გამოუხატავს და შედეგად, ლოგიკური ფრე მივიღეთ. უკრაინელთა ამბავი გასაგებია: სტუმრად ითამაშეს, რამდენიმე ლიდერიც აკლდათ და ამ პირობებში, ერთი ქულა მშვენიერი შედეგია. თუმცა, ჩვენ რამდენად გვაწყობდა, ან – რაში გვყოფნის ეს ქულა?!
სამწუხაროდ, ბუდაპეშტში ფრეც სანატრელი გაგვიხდა. ჩვენსავით ცუდ დღეში მყოფმა (კინკილა ქულა საწყის ორ შეხვედრაში და არც ერთი გატანილი ბურთი) უნგრეთის ნაკრებმა ფეხი არ გაგვანძრევინა, თავად დაუღალავად ირბინა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ერთი შეხედვით, ოპტიმალურად დაკომპლექტებულმა ჩვენმა ნახევარდაცვამ (ქოჩორაშვილის ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა ირაკლი ეგოიანმა), იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვერაფერი მოუხერხა მწყობრად მოთამაშე მასპინძლებს. მატჩის მთავარ გმირ სობოსლაიზე კი ახალი რა უნდა ვთქვათ?! სანამ მოედანზე იყო, “ლივერპულის” ვარსკვლავი წამითაც არ გაჩერებულა, მთელ მოედანს აკონტროლებდა და მისი თანაკლუბელი მეკარის ჩინებული თამაში რომ არა, ულამაზეს გოლსაც გაგვიტანდა…
ეგოიანი ვახსენე და ისიც ვთქვათ, როტერდამის “ექსელსიორის” ნახევარმცველის ნაკრებში ნახვას მეც ინტერესით ველოდი. ირაკლის ცდა არ დაუკლია, აქტიურობდა კიდეც, თუმცა ნერვიულობა ეტყობოდა და რამდენიმე შეცდომაც დაუშვა. ისევე, როგორც მისმა ყველა თანაგუნდელმა. თითქმის მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში, საქართველოს ნაკრები თავის საჯარიმოს იყო მიჯაჭვული და მეტოქის კარს “სათოფეზე” არ მიჰკარებია. მასპინძელთა ნაკრები კი ისე გვიტევდა, გოლი დროის ამბავი იყო და გავიდა კიდეც: ქართველების მორიგ შეცდომას ლუკაჩის ჩაწოდება და კიდევ ერთი ლივერპულელის – მილოშ კერკეზის საგოლე თავური მოჰყვა… გაშვებული ბურთის შემდეგ, საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და ტაიმის ბოლომდე რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტია, თუმცა… უგოლო სერია გრძელდება და საქმეს ვერც კვერნაძისა და ზივზივაძის გამოჩენამ უშველა. ამაში გასაკვირიც არაფერია – გუნდი, რომელიც პასების უმეტესობას უკან აკეთებს, გოლს თავის კარში თუ გაიტანს…
მივადექით მთავარ პრობლემას: საქართველოს ნაკრები უკან მიდის. და გადაცემებსაც მხოლოდ უკან ვაკეთებთ. თუ ასე გაგრძელდა, არც ქვედა დივიზიონში დაქვეითებაა შორს (ბევრი მიიჩნევს, რომ ჩვენი ადგილი ისედაც ჩ ლიგაშია და ახლანდელი სტატუსი/მეტოქეები საქართველოს ნაკრებისთვის მეტისმეტია). სინამდვილეში, ჩ დივიზიონში დაქვეითება წარსულში დაბრუნებას ნიშნავს. ეს არც სტატუსით და არც პრაქტიკული მნიშვნელობით გვაწყობს. თავის დროზე, ევროპის ჩემპიონატზე სწორედ დაბალი დივიზონიდან გავედით, თუმცა უეფამ, რომელიც აქამდე “ჩვენს მხარეს” იყო, შედარებით იოლი ეს გზაც გადაგვიკეტა. ამიტომაც, ერთი დივიზონით დაქვეითება მხოლოდ ჩვენზე სუსტი, მაჩანჩალა ნაკრებების მარაქაში დაბრუნებას ნიშნავს, რაც კვარაცხელიას, მიქაუტაძისა თუ მამარდაშვილის პატრონებს ნამდვილად არ შეგვეფერება.
ისე კი, ეს “მაჩანჩალობაც” პირობითი ცნება გახდა. ქვედა დივიზიონს (იმედია, მომავალ წელსაც “ქვედას” დავწერთ და არა – “ჩვენს დივიზიონს”) რომ თავი დავანებოთ, ჩრდილოეთ ირლანდიის მაგალითიც კმარა: მიმდინარე შესარჩევის დაწყებამდე, ეს ნაკრები ქვეჯგუფის უიმედო აუტსაიდერად მოჩანდა, სამი ტურის შემდეგ კი სატურნირო ცხრილს წაუგებლად და გოლგაუშვებლად ლიდერობს!
ჩრდილოეთი ირლანდია-საქართველო: გოლგაუშვებელი უგოლოს წინააღმდეგ. არადა, გოლის გარეშე რომელ მოგებაზეა ლაპარაკი?!
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები 100 მოგებაზე გაიყინა. ოფიციალური მატჩი, ბოლოს ცამეტი თვის წინ – 2025 წლის სექტემბერში მოვიგეთ. ამ ერთი წლის განმავლობაში იყო ორი მოკრძალებული გამარჯვება ამხანაგურ მატჩებში (ლიეტუვასთან და ბაჰრეინთან) და… სულ ესაა.ჩვენს გუნდს დაავიწყდა გოლების გატანაც და შესაბამისად – გამარჯვების გემოც. საქმეს კი ისე ეტყობა, ქვეჯგუფის მოგებაზე მეოცნებეებს, ბოლო ადგილი და დივიზიონში დასარჩენი პლეი-ოფის თამაში მოგვიწევს…
საქართველოს ნაკრების ლიდერების უმეტესობა არ არის საუკეთესო ფიზიკურ კონდიციაში. “ჯადოსნური ჯოხით” წამიერ ცვლილებებს ვერც ახალ(დანიშნულ) მწვრთნელს მოვთხოვთ, მაგრამ…
ბოლო მატჩებში ვნახეთ ეპიზოდები, რომლებსაც გამართლება არა აქვს! მწვრთნელი სულ რომ არ გყავდეს, პროფესიონალმა ფეხბურთელმა ასე არ უნდა ითამაშო! იმასაც ყველა ვხედავთ, რომ ნაკრებში 2024 წლის შემოდგომაზე დაწყებული კრიზისი, “ალაგების” ნაცვლად – ღრმავდება. საშუალო დონის მწვრთნელი აღარ იყო საკმარისი გუნდისთვის, რომელიც ვერაფრით გამოვიდა ევროპის ჩემპიონატის შემდგომი ეიფორიიდან. ვილი სანიოლის დატოვებით, დავკარგეთ დრო და ფაქტობრივად – ფუჭად გავფლანგეთ მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპიც. ჯერჯერობით, დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არც ის “თამაში” გვაძლევს, რაც უკრაინა-უნგრეთთან მატჩებში ვნახეთ: ერთმანეთს მოწყვეტილი დაცვა და თავდასხმა, ფლანგების პოტენციალის სანახევროდ გამოყენება, პანიკა მეტოქის პრესინგის დროს (არადა, ყველა მეტოქემ კარგა ხნის წინ შეგვისწავლა და ყველა პრესინგს გვეთამაშება. ჩვენ – ვერავის!), გაუმართლებელი რისკი ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს და სხვ.
სამუშაო ძალიან ბევრია. საქართველოს ნაკრებს, პირველ რიგში, მენტალიტეტის შეცვლა სჭირდება. მოტივაციის, მებრძოლი ხასიათის დაბრუნება. რამაზ სვანაძე დარწმუნებულია, რომ შეუძლია, ნაკრების თამაში უკეთესობისკენ შეცვალოს (ნაკრების ჩაბარება რთულ დროს მომიწია, თუმცა, გარწმუნებთ – ყველაფერი კარგად იქნება, სადაც მიმუშავია, შედეგი ყველგან მქონდაო – თქვა საქართველოს ნაკრების თავკაცმა “პუშკაშ არენაზე”, უნგრეთთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის დროს).
გვინდა, ჩვენც გვჯეროდეს. და იმედია, შედეგს ყველა, მალე ვნახავთ. ქართველი მწვრთნელი და ფეხბურთელები ერთმანეთს კარგად იცნობენ და… ახლა, მთავარია, სწორედ ეს მოცემულობა არ იქცეს ხელის შემშლელ ფაქტორად – მოედანსა თუ გასახდელში.
მტკიცე ხელს და სწორ ნაბიჯებს ეგოიზმმა არ შეუშალოს ხელი. მწვრთნელის, ან ფეხბურთელების ეგომ.და რაც მთავარია: ნაკრებში მუშაობა/თამაში რუტინად, ფორმალობად არ იქცეს!
ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართულ მატჩზე (5 ოქტომბერი, ბელფასტი, 22:45) კი – მომდევნო წერილში ვილაპარაკოთ.

რატი შელეგია