იმედია აშორტიამ „ანდიჟანის“ მაისურით უზბეკეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. ქართველმა თავდამსხმელმა თავი ამჯერად უზბეკეთის თასის 1/8-ფინალში გამოიჩინა, რომელშიც „ანდიჟანმა“ შინ პენალტების სერიაში ქვედალიგელი „ოლიმპიკ-მობიუზი“ დაამარცხა.
აშორტია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მასპინძლები 43-ე წუთზე დააწინაურა, როდესაც საჯარიმოში მყოფმა მარცხენა ფეხით „ცხრიანში“ დარტყმით ანგარიში გახსნა. აშორტია 59-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც „ანდიჟანი“ 2:0 იგებდა. თუმცა, დარჩენილ დროში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს და როგორც ძირითადმა, ასევე დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. „ანდიჟანმა“ თერმეტმეტრიანები მეტოქეზე ზუსტად შეასრულა და 1/4-ფინალში გავიდა.
ლაშა თაბაგარი




