მიქაუტაძის „ვილიარეალის“ ზედიზედ მესამე წაგება

0
1

„ვილიარეალმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში წააგო. მე-5 ტურში „ვილიარეალმა“ სევილიას „ბეტისს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ დაწინაურდა, საბოლოოდ უქულოდ დარჩა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა. მატჩის მე-11 წუთზე ხერარდ მორენოს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა და კარის წინ მდგომ მიქაუტაძეს მიუვიდა, რომელმაც გოლის გატანა ჰაერიდან შეუჩერებელი დარტყმით სცადა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.
28-ე წუთზე მიქაუტაძე სევილიელთა საჯარიმოში ერთ მცველს გაექცა და მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა, თუმცა, მეკარემ ბურთი ისევ მოიგერია. 29-ე წუთზე რაფაელ ვეიგამ თავით პასი სტუმართა საჯარიმოში მყოფ ხერარდ მორენოს გაუკეთა, რომელმაც ვარდნაში დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
39-ე წუთზე უნგრეთის ნაკრების მეკარის გულაშის მოგერიებული ბურთი კარში კუჩო ერნანდესმა გადაგზავნა – 1:1. 43-ე წუთზე „ბეტისი“ ნათანმა დააწინაურა, რომელსაც ბურთი გულაშის ხელიდან მიუვიდა.
„ვილიარეალმა“ განვლილ ხუთ ტურში 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა, ხოლო 3-ჯერ დამარცხდა – 2 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი