2029 წლის ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, თბილისს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია ეწვია.
საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებს შორის პირველი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სასტუმრო “პარაგრაფში” გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ტურნირის ერთობლივ მასპინძლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში გასატარებელ ღონისძიებებსა და საორგანიზაციო საკითხებზე. საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციებს შორის სამუშაო შეხვედრები ტურნირისთვის მზადების ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 28 აპრილს, კანადის ქალაქ ვანკუვერში გამართულ ფიფას საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო და სომხეთი ერთობლივად უმასპინძლებენ. საქართველომ და სომხეთმა ტურნირის მასპინძლობის შესახებ ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში წარადგინეს.
ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 1977 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველო ფიფას ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს.





