თბილისის “იბერიას” მთავარი მწვრთნელის ანდრეი დემჩენკოს თქმით, ევროპა ლიგის პლეი-ოფში პოლონეთის “იაგელონიასთან” დღეს გასამართ საპასუხო მატჩში, ანდრია ბართიშვილი და ვახტანგ ბედოშვილი პირველი თამაშის მსგავსად ისევ ვერ ითამაშებენ. მან ამის შესახებ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც “იბერიას” გარემარბი ზვიად ნაჭყებიაც დაესწრო.
ანდრეი დემჩენკო: “გულშემატკივრებმა, რომლებმაც ნახეს თამაში, იციან, რომ არც ისე ცუდად ვთამაშობდით, მაგრამ ასეთ მარცხს არ ვიმსახურებდით. ასე ვთქვათ, ჩაერივნენ შავებში ჩაცმული ადამიანები საბოლოო შედეგში. ამიტომ დაუმსახურებლად დავისაჯეთ. ხვალ გვაქვს შანსი, რეაბილიტაცია მოვახდინოთ, გავიმარჯვოთ და ვაჩვენოთ, რომ წინა თამაშში ასეთი ანგარიშით მარცხს არ ვიმსახურებდით. სენსაციები ხდება და ამის უნდა გვჯეროდეს.
20–25 წუთის განმავლობაში კარგად ვმუშაობდით, არ გვეშინოდა მათი. მეტოქეს შეცდომებს ვაშვებინებდით კარგად ვთამაშობდით პრესინგზეც, მაგრამ სწორედ ეს არის ფსიქოლოგია – როცა თვითონ ვერ დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია ვითამაშოთ, შეგვეშინდა და რაღაც მომენტში თვითონ დავუთმეთ ინიციატივა მეტოქეს. არ დავიჯერეთ, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. შეგვიძლია მეტოქე შეცდომების დაშვებაში ვაიძულოთ.
ამიტომ, რაც მოხდა, ამაში ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავეები. უფრო თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ ჩვენს მოქმედებებში. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც პირველი 20–30 წუთის განმავლობაში, ყველაფერი სხვანაირად იქნება. სიმართლე უნდა ვთქვათ, 4:0 რომ წავაგეთ, ამაში ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავეები. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ვითამაშოთ ის ფეხბურთი, რომელიც ჩვენ გვინდა. მთელი 90 წუთის განმავლობაში, არა მხოლოდ 20–30 წუთი, არამედ სრული 90 წუთი.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გუნდი, რომელმაც ჩემი ფილოსოფია ძალიან სწრაფად მიიღო. ვმუშაობდი “დინამოში”, “დილაში”, აზერბაიჯანში და ყაზახეთში, მაგრამ ეს არის ყველაზე სწრაფი გუნდი, რომელმაც ჩემი ფილოსოფია ასე სწრაფად აითვისა. ჩვეულებრივ, იმისთვის, რომ თამაში დავაყენო და გუნდი, ასე ვთქვათ, „გემივით“ გავუშვა, დაახლოებით თვენახევარი-ორი თვე მჭირდება. მაგრამ აქ უკვე სამი კვირის შემდეგ ჩანს ის სურათი და ის თამაში, რაც გვინდა. თუმცა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი იდეა გვაქვს. ამ ეტაპზე ამ გუნდში ჩვენი სათამაშო რესურსის დაახლოებით 50–60 პროცენტს ვხედავთ.
ბართიშვილს კოჭის ტრავმა აქვს და ის რეაბილიტაციას გადის. ბედოშვილი წინა თამაშისთვისაც არ იყო მზად და გავრისკეთ, კარგადაც ითამაშა თუმცა ძველმა ტრავმამ, რომელიც მას ჰქონდა, თავი კვლავ იჩინა და ტრავმა კიდევ უფრო დაამძიმა. ისინი ხვალ ვერ ითამაშებენ.
ჯინჯოლავა უფრო შემტევი ფეხბურთელი იყო და ის თავს ძალიან კარგად ავლენდა. ბევრ გოლს იტანდა და საგოლე გადაცემებსაც აკეთებდა. ახლა ჩვენთან სისტემა ცოტათი შეიცვალა და ამიტომ ამჟამად ის თავის მოქმედებებში ცოტა შეზღუდულია. ადრე ის ყოველთვის და მუდმივად ერთვებოდა შეტევაში. ახლა კი უფრო მეტად ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ თუ ერთი ფლანგი აქტიურდება, მეორე უნდა დარჩეს თავის პოზიციაზე. ორივე ფლანგი ერთდროულად არ უნდა წავიდეს წინ, რადგან შეიძლება ბალანსი დავკარგოთ.
არსებობს სელექციის განყოფილება, რომელიც ფეხბურთელების შერჩევით არის დაკავებული. ბუნებრივია, როგორც მთავარი მწვრთნელი, მე ვუყურებ მათ სტატისტიკას. მათ იციან ჩვენი მოთხოვნები, იციან, რას ვეძებთ და რატომ, რა ტიპის ფეხბურთელები გვჭირდება. ფეხბურთელების ძალიან დიდი რაოდენობაა, ამიტომ ისინი არჩევენ, ათვალიერებენ, ამოწმებენ და უკვე მზა შედეგს მაწვდიან – ფეხბურთელს, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს შეესაბამება. რა თქმა უნდა, არის ფინანსური საკითხიც. ზოგ ფეხბურთელს უფრო მაღალი მოთხოვნა აქვს, ზოგს ნაკლები, ზოგს კიდევ უფრო ნაკლები. ამიტომ კლუბის ფინანსური მდგომარეობიდან და იმ შესაძლებლობებიდან გამოვდივართ, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია ფეხბურთელისთვის. საბოლოო გადაწყვეტილებას ფეხბურთელთან დაკავშირებით სელექციის განყოფილება, პრეზიდენტი, სპორტული დირექტორი და მე ერთად ვიღებთ. ვსხდებით, ვუყურებთ ფეხბურთელს და განვიხილავთ: რა პოზიციაზე შეუძლია თამაში, სად შეიძლება დაგვეხმაროს და რამდენად ძლიერია ის იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც დღეს გუნდში გვყავს. და კიდევ: ლეგიონერი ქართველ ფეხბურთელზე სამი თავით ძლიერი უნდა იყოს. იმიტომ, რომ თუ ისეთივე დონისაა, როგორიც ქართველი ფეხბურთელი, მაშინ რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ ლეგიონერი? ჯობია ქართველი ახალგაზრდა მოვიყვანოთ, რომელიც გუნდს სულითა და გულით, 100 პროცენტით დაუთმობს თავს, ვიდრე ლეგიონერი, რომელიც უბრალოდ ხელფასის მისაღებად იქნება აქ. ჩვენ ხარისხზე ვართ ორიენტირებული. ხარისხისთვის ვიბრძვით”.
ზვიად ნაჭყებია: „მოვალეობის მოხდის მიზნით ნამდვილად არ გავალთ მოედანზე. რა თქმა უნდა, გვაქვს იმედი, მიზანი ევროპალიგაზე გასვლაა და ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ.
დიდი ჩამორჩენაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ვფიქრობ, პირველ თამაშში ანგარიში არ ასახავდა იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ხისტ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ასეთ წაგებას არ ვიმსახურებდით”.
“მიხეილ მესხზე” “იბერიას” და ბიალისტოკის “იაგელონიას” დაპირისპირება საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, პოლონელებმა პირველი თამაში შინ 4:0 მოიგეს. “იბერია” ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში ევროპა ლიგაში იასპარეზებს. თუ თბილისელებმა პოლონური ბარიერი ვერ დაძლიეს, მაშინ კონფერენს ლიგის ფაზაში ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი





