კაპანაძე და გაგუა ევროთასზე თამაშს განაგრძობენ

0
0

„დუნაისკა სტრედა“, რომლის ღირსებას მცველი ცოტნე კაპანაძე და ფორვარდი გიორგი გაგუა იცავენ, უეფას კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სლოვაკურმა გუნდმა შინ ბოსნიის „ველეჟი“ გაგუას გოლით 1:0 დაამარცხა, ხოლო სტუმრად მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.
ორივე ქართველი ლეგიონერი „დუნაისკა სტრედას“ სასტარტოში იყო – კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გაგუამ მოედანი 63-ე წუთზე დატოვა. სლოვაკებიდან ანგარიში 22-ე წუთზე რამადანმა გახსნა, რომელმაც 38-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე საბოლოო წერტილი გეიემ დასვა.
„დუნაისკა სტრედა“ მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ენსხედეს „ტვენტეს“ შეხვდება. პირველი თამაში ნიდერლანდებში 6 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო საპასუხო სლოვაკეთში – 13 აგვისტოს.
ლაშა თაბაგარი