საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი მარცხი განიცადა. ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ანატოლი ბოისას გაწვრთნილი გუნდი ასევე დაუმარცხებელ უნგრეთს დაუპირისპირდა, დაძაბულ ბრძოლაში 62:68 დათმო და ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.
ჩვენს ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლა მანამდეც გარანტირებული ჰქონდა, თუმცა ამ მატჩში გამარჯვება პირველ ადგილს და შედარებით ხელსაყრელ მეტოქეს ნიშნავდა. მარცხის გამო, პლეი-ოფის პირველ რაუნდში საქართველოს მეტოქე C ჯგუფის გამარჯვებული — ნიდერლანდები იქნება, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ხუთივე შეხვედრა (ბელგიასთან, ფინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, ირლანდიასთან და კვიპროსთან) დამაჯერებლად მოიგო. პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ჩვენი გუნდი C ჯგუფის მეორეადგილოსან ბელგიას შეხვდებოდა.
უნგრეთთან შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს. პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი გუნდი 12 ქულით აგებდა (36:48), თუმცა შესანიშნავად ჩატარებული მესამე მეოთხედის წყალობით, ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. გადამწყვეტი პერიოდი ქულა-ქულაში წარიმართა. მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე საქართველოს ნაკრებმა ლიდერობის მოპოვება მოახერხა და 5 ქულით დაწინაურდა — 62:57. სამწუხაროდ, დარჩენილ დროში ჩვენმა გუნდმა ქულის მოპოვება ვეღარ შეძლო, მეტოქემ კი ზუსტი სამქულიანებითა და საჯარიმოებით თამაში თავის სასარგებლოდ შემოატრიალა.
ჩვენს გუნდში საუკეთესო იყო დავით ფაჩულია, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა — 17 ქულა (4/8 სამქულიანი) და 10 მოხსნა მოაგროვა. ორნიშნა ქულიან ზღვარს კიდევ სამი კალათბურთელი გადასცდა: მათე ხატიაშვილმა 12 ქულა, 6 პასი და 3 მოხსნა მიითვალა, მათე ყავლაშვილი 11 ქულითა და 2 ასისტით გამოირჩა, ხოლო გიორგი დოხნაძემ 10 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. ილია ქურდაძე გუნდს 6 ქულა, 4 მოხსნა და 3 დაფარებით შეეწია.
შეგახსენებთ, რომ A დივიზიონის საგზურის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრებს ტურნირის საუკეთესო 3 გუნდში მოხვედრა სჭირდება. თუკი ანატოლი ბოისას შეგირდები 31 ივლისს ნიდერლანდების ძლიერ ბარიერს გადალახავენ, ნახევარფინალში ჩეხეთსა და რუმინეთს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
გადამწყვეტი მეოთხედფინალური მატჩი საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის 31 ივლისს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.





